სტატიაში როგორ ამოვიცნოთ ონლაინ თაღლითობა უკვე გიამბეთ იმ საეჭვო ნიშნების შესახებ, რომლებიც ინტერნეტსივრცეში სხვა სანდო შემოთავაზებების გვერდით პოტენციური თაღლითობის მცდელობების გარჩევას გაგიმარტივებთ.

ახლა კი იმ კონკრეტულ და აუცილებელ რეკომენდაციებს გთავაზობთ, რომლებიც თაღლითური სქემების თავიდან არიდებაში დაგეხმარებათ და ინტერნეტსერვისების სარგებლობისას თქვენი დაცულობის გარანტი იქნება:

  • მიუხედავად იმისა, თუ რომელ ვებგვერდზე იმყოფებით, თქვენი პირადი ინფორმაციის შეყვანამდე ან საბანკო ოპერაციის შესრულებამდე მნიშვნელოვანია დარწმუნდეთ, რომ ეს ნამდვილად ის ვებგვერდია, სადაც თქვენ აპირებდით შესვლას.
    ხშირად თაღლითები ცნობილი კომპანიების სახელწოდებებს იყენებენ, რათა მომხმარებლები შეცდომაში შეიყვანონ. ამიტომაც, კარგად დააკვირდით ნებისმიერი ვებგვერდის მისამართს და თაღლითობის მარტივი სამიზნე არ გახდებით;

  • არავის გადასცეთ ინტერნეტ და მობილბანკში შესასვლელი სახელი, პაროლი და ერთჯერადი კოდი, ისინი მხოლოდ თქვენს განკარგულებაში უნდა იყოს. ასევე დაიმახსოვრეთ, რომ არცერთი სანდო კომპანია ან ვებგვერდი არ მოგთხოვთ, რომ თქვენი პაროლი ზეპირად, ტელეფონით ან ელფოსტის საშუალებით გაუზიაროთ. არ ენდოთ ელფოსტაზე მოსულ შეტყობინებას ან ზარებს ტელეფონზე, თუ მათი საშუალებით პაროლის გამხელას გთხოვენ — მათ უკან აუცილებლად თაღლითი იქნება;

  • არ გამოიყენოთ თქვენთვის უცნობი Wi-Fi ქსელი. არ შეამოწმოთ თქვენი საბანკო ანგარიში Public Wifi-ის ქსელით სარგებლობისას და შეეცადეთ არ გამოიყენოთ Bluetooth თქვენს ტელეფონში, თუ ის გადაუდებლად არ გჭირდებათ;

  • შეეცადეთ, რომ თქვენი ინტერნეტ და მობილბანკის პაროლი იყოს უნიკალური და არ გქონდეთ მსგავსი კომბინაცია გამოყენებული სხვა საიტებზე. სასურველია, პაროლი რაც შეიძლება უფრო რთული იყოს: ციფრებს, დაბალი და მაღალი რეგისტრის სიმბოლოებს შეიცავდეს — ასე თქვენს პირად საბანკო ინფორმაციას უკეთ იცავთ, რადგან მისი გამოცნობა და გატეხა რთულია;

  • არ შეინახოთ ავტომატურ რეჟიმში თქვენი პაროლი ინტერნეტსივრცეში;

  • არ შეინახოთ პაროლი დაუცველ ფაილებში: მაგალითად, თქვენს ტელეფონში ან კომპიუტერში. თუ პაროლის დამახსოვრება გიჭირთ, გამოიყენეთ Password Manager პროგრამა;

  • იმ კომპიუტერსა და ტელეფონში, საიდანაც სარგებლობთ ინტერნეტ და მობილბანკით, პერიოდულად გამოიყენეთ ანტივირუსული პროგრამები;

  • არავის გაუზიაროთ თქვენი ბარათის მონაცემები: მოქმედების ვადა, CVV კოდი ან პინკოდი — ის მხოლოდ თქვენ უნდა იცოდეთ.

უსაფრთხოების დასაცავად დამატებით ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ 3D უსაფრთხოებით, რაც ინტერნეტგადახდებისას კიბერთაღლითობისგან დაგიცავთ.

რაც მთავარია, არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენი ბარათის მონაცემები მხოლოდ თქვენ გეკუთვნით და ის არავის უნდა გაუზიაროთ. თუ ამ ყველა რჩევას გაითვალისწინებთ და მათ თქვენს ახლობლებს, მეგობრებსა თუ ოჯახის წევრებსაც გაუზიარებთ, ყველა გაცილებით უფრო მარტივად შევძლებთ, რომ თაღლითური სქემების მსხვერპლი არ გავხდეთ და პირადი უსაფრთხოებაც დავიცვათ.