7 ივნისს ბათუმის ‎დელფინარიუმში დელფინი დაიბადა. პატარა დელფინი დღის მეორე ნახევარში შოუს მსვლელობის დროს გაჩნდა.

ახალშობილს ჯერჯერობით სახელი არ აქვს, ის ბათუმის დელფინარიუმში დაბადებული რიგით მეოთხე დელფინია.

ბათუმის დელფინარიუმის თანამშრომლების თქმით, პატარა დელფინი მათი ოჯახის წევრის, მეტსახელად მონიკას შვილია და მან უკვე დაიწყო დედის რძით კვება:

"გარემოსთან ადაპტაციას დედა პატარას პირველივე წუთებიდანვე ასწავლის. დაბადებისთანავე, ჰაერის პირველი ჩასუნთქვისათვის, დედამ შვილი წყლის ზედაპირზე ამოაცურა. მას შემდეგ კი ახალშობილი დედასთან ერთად სინქრონულად დაცურავს. ეს პროცესი 1 წელზე მეტ ხანს გაგრძელდება".

პატარა დელფინისთვის და მისი დედისთვის კომფორტული გარემოს უზრუნველსაყოფად დელფინარიუმის თანამშრომლები საგანგებო რეჟიმში იმუშავებენ.

ახალშობილი აფალინას სახეობისაა, რომელიც დელფინისებრთა ოჯახის ზღვის ძუძუმწოვარი ცხოველია და შეტანილია ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის წითელ ნუსხაში(IUCN) და გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ კონვენციის (CITES) II დანართში.