ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები დაინფიცირებული ადამიანების რიცხვი ქვეყნის საერთო სტატისტიკაში იმიტომ არაა ასახული, რომ სანდო ინფორმაცია არ აქვთ.

მისი თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ინფიცირებულთა რიცხვი შეიძლება გაცილებით დიდი იყოს, ვიდრე დასახელებულია.

"ეს მეტად უფრო მტკივნეული და პოლიტიკური საკითხია ჩვენთვის, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ყველა იმ ჩვენი ქართველი მოქალაქის მდგომარეობა და მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვა, რომლებიც დღესდღეობით იმყოფებიან ოკუპირებულ ტერიტორიაზე, მაგრამ ის წყაროები და ის სტატისტიკა, რომელიც ჩვენთვის არის ცნობილი, ჩვენთვის არ არის სანდო, აქედან გამომდინარე, ძალიან რთულია გავაჟღეროთ ის ინფორმაცია, რომლის სარწმუნოობაშიც არ ვართ დარწმუნებული", — განაცხადა ტიკარაძემ ღამის კურიერის ეთერში.