საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა. ამის შესახებ შესაბამის ბრძანებას უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი უკვე მოაწერა.

"გულწრფელად ვულოცავ მიხეილ ნიკოლოზის ძეს ახალ საპასუხისმგებლო გამოწვევას. მჯერა, რომ ეროვნული რეფორმების საბჭოს იმპულსს შემატებს და ქვეყნის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელებაში დაეხმარება", — განაცხადა ზელენსკიმ.

22 აპრილს მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მას რეფორმების საკითხებში ვიცე-პრემიერის პოსტი შესთავაზა. ეს საკითხი ქართული ოცნებისთვის უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობის გადახედვის საბაბი გახდა. მთავრობისა და პარლამენტში მმართველი გუნდის ლიდერებმა უკრაინელ კოლეგებს უთხრეს, რომ ეს მათ შორის ნდობას შეარყევდა და კატეგორიულდ მიუღებელი იყო. ერთი კვირის შემდეგ კი რადაში ხალხის მსახურის ფრაქციის ლიდერმა, დავიდ არახამიამ განაცხადა, რომ სააკაშვილისთვის მუშაობის ახალი ფორმატი იპოვეს.

ამავე თემაზე:

6 მაისს საკააშვილმა Deutsche Welle-ს დაუდასტურა, რომ ვიცე-პრემიერის ნაცვლად რეფორმების ეროვნულ საბჭოში ნიშნავენ. მანამდე უკრაინულ მედიაში ინფორმაცია ვრცელდებოდა, მას საბჭოს მდივნად ნიშნავდნენ. მიხეილ სააკაშვილმა 6 მაისს, Deutsche Welle-ს დაუდასტურა, რომ ვიცე-პრემიერის ნაცვლად რეფორმების ეროვნულ საბჭოში ნიშნავენ.

რეფორმების ეროვნული საბჭო 2014 წელს მაშინდელი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს ბრძანებით შეიქმნა. საბჭოს წევრებს პერსონალურად უკრაინის პრეზიდენტი ნიშნავს. დოიჩე ველეს ინფორმაციით, 2014-2018 წლებში საბჭომ სულ 28 სხდომა ჩაატარა. ბოლო სხდომა კი 2018 წლის მარტში გაიმართა.

პეტრო პოროშენკოს პრეზიდენტობის დროს მიხეილ სააკაშვილი ოდესის გუბერნატორის პოსტს იკავებდა. თუმცა, მას შემდეგ, რაც სააკაშვილმა კორუფციაზე საუბარი დაიწყო, თანამდებობა დატოვა და ოპოზიციაში გადავიდა, პოროშენკოს განკარგულებით მოქალაქეობა ჩამოართვეს და მის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყეს. პრეზიდენტის ბრძანებით, ის რეადმისიით პოლონეთში დააბრუნეს. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სააკაშვილს მოქალაქეობა დაუბრუნა, რის შემდეგ ის უკრაინაში დაბრუნდა.