ომბუდსმენის ანგარიშის მიხედვით, ქალმა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იმშობიარა. ამის შესახებ საუბარია სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშში, რომელიც ფსიქიატრიულ და სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებებში ქალთა სექსუალურ და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლებებს ეხება.

როგორც ანგარიშშია ნათქვამია, ფსიქიატრიულში პაციენტის ორსულობა ვერ დაადგინეს, მიუხედავად იმისა, რომ ის გინეკოლოგმაც გასინჯა. მედპერსონალმა ორსულობის შესახებ მხოლოდ მას შემდეგ შეიტყო, რაც ქალმა 36-37 კვირის გესტაციურ ვადაზე დაუხმარებლად დაწესებულების საპირფარეშოში იმშობიარა.

ანგარიშში განმარტებულია, რომ პაციენტი ფსიქიატრიულ დახმარებას ორსულობის განმავლობაში 2 სხვადასხვა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იღებდა, თუმცა ორსულობა ვერცერთ ამ დაწესებულებაში ვერ დაუდგინეს, მიუხედავად იმისა, რომ ამ დაწესებულებებში გინეკოლოგიც ჰყავთ.

"ჩანაწერის თანახმად, პაციენტი იყო გინეკოლოგთან კონსულტაციაზე, თუმცა ექიმმა ვერ მოახერხა ორსულობის გამოვლენა, მათ შორის, ვერც ორსულობის ბოლო ტრიმესტრში. ორსული ქალი, ორსულობის მთელი პერიოდის განმავლობაში იღებდა ფსიქოტროპულ მედიკამენტებს, რაც დიდი რისკის შემცველი იყო ნაყოფისთვის", — ნათქვამია ანგარიშში.