გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ ონის კასკადზე გავრცელებული ინფორმაცია "უპასუხისმგებლო განცხადებებია". მისივე თქმით, გარკვეული პოლიტიკური ჯგუფებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებები "მოღალატეობრივია".

როგორც დავითაშვილი ამბობს, ინფორმაცია, რომელიც საინფორმაციო საშუალებებით გავრცელდა სიმართლეს არ შეესაბამება. მინისტრის განცხადებით, არც მთები ფეთქდება და არც მდინარე რიონი იკარგება.

"გარემოს დაცვითი ყველა პირობა ჩვენს ნებართვაში 100 პროცენტით გათვალისწინებულია. როდესაც საუბარია, რომ რამდენიმე წელი მიმდინარეობდა განხილვა და მარტში გაიცა [ნებართვა], ეს იყო რამდენჯერმე გადავადებული იმიტომ, რომ რამდენიმეწლიანი შესწავლა უძღოდა გადაწყვეტილებას", — აღნიშნა დავითაშვილმა.

მინისტრის თქმით, საუბარია ბუნებაში მხოლოდ მინიმალურ ინტერვენციებზე. დავითაშვილი ამბობს, რომ მდინარე რიონის მილში მოქცევა გათვალისწინებული არაა და მისი წყალუხვობის გამო ვერც იქნებოდა:

"პირიქით, მდინარე რიონის ინარჩუნებს თავის კალაპოტს. მხოლოდ ამ პირობით აშენდება ჰესი".

ამასთან, მინისტრი ამტკიცებს, რომ ჰესის აშენების ერთ-ერთი პირობაა, რომ შენარჩუნდეს რაჭის მინერალური წყლები და სამუშაოებმა მათზე ზემოქმედება არ უნდა იქონიონ.

მთავარი არხის ეთერში რაჭის კასკადთან დაკავშირებით გასულ სიუჟეტს სს ონის კასკადი გამოეხმაურა. კომპანიაში აცხადებენ, რომ გავრცელებული ინფორმაცია უზუსტობას შეიცავს.

ონის კასკადი განმარტავს, რომ მარტში სამინისტრომ არა მშენებლობის ნებართვა, არამედ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება გამოსცა, რაც მშენებლობის ნებართვის პროცედურის ერთ-ერთი ნაწილი. კომპანიაში ასევე ამბობენ, რომ პროექტის ფარგლებში იჩეხება არა 25 ჰექტარი ტყე, არამედ 1,064 მ3 მერქნული რესურსი. ასევე, ისინი უარყოფენ, რომ გვირაბი სოფლის თავზე გავა და ამისთვის მთებს აფეთქებენ. მათივე თქმით, კასკადის მშენებლობისთვის არ იგეგმება მდინარე რიონის დაშრობა და არც უწერის მინერალური წყლები განადგურდება.