სამოქალაქო მოძრაობა #სირცხვილია 20 ივნისს პარლამენტთან აქციას გეგმავს და მანამდე, თბილისის მერს, კახა კალაძეს რეაბილიტაციის დასრულებაში დახმარებას სთავაზობს. მოძრაობის ფეისბუქგვერდზე ორენოვანი, ქართულ-იტალიური განცხადება გამოქვეყნდა:

"უკვე 113 დღეა, რაც პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია დაიწყეთ. ეს დრო საკმარისზე მეტია იმ მოცულობის სამუშაოს შესასრულებლად, რაც დაგეგმილი გქონდათ.

2020 წლის 20 ივნისს, მთავრობის მტერთან ღიად კოლაბორაციონისტული ქმედებიდან 1 წლის თავზე, ვაპირებთ საპროტესტო აქციის მოწყობას. ამიტომ, რადგან თქვენ ვერ/არ ახერხებთ 1 245 მ² სივრცის 5 თვეში რეაბლიტაციას, მოძრაობა #სირცხვილია მზადაა პასუხისმგებლობა აიღოს და დარჩენილი სამუშაოები შეასრულოს პირნათლად".

სარეაბილიტაციო სამუშაოების ირგვლივ დადგმულ მწვანე ღობეზე აქტივისტების მიერ გაკეთებული საპროტესტო წარწერებია. "სირცხვილია", "ბიძინას ბოსტანი", "გადადექი" და სხვა ფრაზები მას შემდეგ დააწერეს მასზე, რაც მერიამ მალხაზ მაჩალიკაშვილის კარავი აიღო, ჯერ იქ საახალწლო ატრაქციონები მოაწყო, მერე კი ტერიტორიის რეაბილიტაცია დაიწყო. საახალწლო ატრაქციონები 2019 წლის 31 დეკემბერს აქტივისტებთან დაპირისპირებისა და დაკავებების ფონზე დაიდგა.