საქართველოს მთავრობა პრეზიდენტსა და პარლამენტს საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების თხოვნით აღარ მიმართავს. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

შესაბამისად, ქვეყანაში 22 მაისიდან საგანგებო მდგომარეობა აღარ იქნება.

გახარიამ ასევე აღნიშნა, რომ ეს ყველა შეზღუდვის მოხსნას არ გულისხმობს. მას არ დაუკონკრეტებია, რა შეზღუდვები დარჩება ძალაში 22 მაისის შემდეგ.

"ეს არ ნიშნავს იმას, რომ შეზღუდვები, რომლებიც დაწესებულია, სრულად და ერთბაშად იქნება მოხსნილი. შეზღუდვების ნაწილი, რომელიც აუცილებელია ეპიდემიოლოგების აზრით, რათა ჩვენ შევინარჩუნოთ რისკების კონტროლის ის მაღალი დონე, რომელიც დღეს გვაქვს, აუცილებად უნდა შენარჩუნდეს", — თქვა გახარიამ.

მისივე ინფორმაციით, მთავრობა მიმართავს პარლამენტს, რათა დაიწყოს მსჯელობა საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც მისცემს საშუალებას ეპიდემია მართონ საგანგებო მდგომარეობის გარეშე.

"და გვქონდეს შესაძლებლობა ის შეზღუდვები, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ ეპიდემიოლოგებისგან იქნება რეკომენდებული, დავაწესოთ და აღვასრულოთ", — თქვა მან.

საქართველოში კორონავირუსის პანდემიის გამო საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს გამოცხადდა, რომელიც შემდგომ 22 მაისამდე გახანგრძლივდა.