განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის მტკიცებით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი სტუდენტების პირველ ნაკადს მიმდინარე წლის სექტემბერში მიიღებს. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომაზე, განათლების სამინისტროს ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა.

"სექტემბერში, როდესაც დაიწყება ახალი სასწავლო წელი, ფუნქციონირებას და აქტიურ აკადემიურ ცხოვრებას იწყებს ჩვენი საგანმათლებლო სისტემის მთავარი მეგაპროექტი — ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომელიც პირველ ნაკადს მიიღებს ამ სექტემბერში 3 სპეციალობაზე მიიღებს და შემდეგ სპეციალობათა რაოდენობა, რასაკვირველია, გაიზრდება. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტი ჩვენი საგანმანათლებლო სივრცისთვის", — განაცხადა ჩხენკელმა.

ჩხენკელის თქმით, ქუთაისის უნივერსიტეტის იდეა ქართული ოცნების თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის.

"როგორც საზოგადოებას მოეხსენება, ეს პროექტი, მთლიანად უნივერსიტეტის იდეა ეკუთვნის ბატონ ბიძინა ივანიშვილს. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი დაფუძნებულია ბატონ ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის ქველმოქმედებაზე, რომელიც 1 მილიარდ ევროს შეადგენს. ეს უნივერსიტეტი იქნება ჭეშმარიტად ევროპული, მსოფლიო დონის უნივერსიტეტი და მთელი ჩვენი ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემას გადაიყვანს ახალ, თვისობრივად მაღალ ეტაპზე", — განაცხადა ჩხენკელმა.