პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას თქმით, მზადაა საგანგებო მდგომარეობის დროს ქვეყნის მართვასთან დაკავშირებით დაგროვილ კითხვებს ნებისმიერი ფორმით უპასუხოს, მათ შორის, პარლამენტში. მან ასევე აღნიშნა, რომ ასეთივე მზაობა აქვთ მთავრობის სხვა წევრებსაც.

"მე მესმის და მსმენია, რომ საზოგადოებაში დაგროვდა გარკვეული კითხვები, საინტერესო კითხვები და მათ შორის აბსოლუტურად ობიექტური კითხვები იმასთან დაკავშრებით, თუ როგორ მოქმედებდა მთავრობა საგანგებო მდგომარეობის პირობებში და ამ კითხვებზე პასუხების გასაცემად მინდა განვაცხადო მზაობა როგორც ჩემი პირადად, ასევე მთავრობის თითოეული წევრის, ნებისმიერი სახით, პარლამენტშიც მათ შორის", — თქვა მან.

გახარიამ პარლამენტის თავმჯდომარე მიმართა, რომ როცა საკანონმდებლო ორგანო საჭიროდ ჩათვლის, მთავრობა ეახლება და დეტალურად წარუდგენს ანგარიშს, როგორ მართავდა ქვეყანას საგანგებო მდგომარეობის პირობებში.

საპასუხოდ, არჩილ თალაკვაძემ თქვა, რომ მიესალმება პარლამენტში მისვლის მზადყოფნას. მან აღნიშნა, რომ ინტერპელაციის წესით გიორგი გახარიას მიმართ კითხვები უკვე არის და ასევე, იგეგმება წლიური ანგარიშიც.

თალაკვაძემ დასძინა, რომ ეთანხმება პრემიერმინისტრს და შეზღუდვები "რაციონალურად და ფრთხილად" უნდა მოიხსნას.

დღეს გიორგი გახარიამ თქვა, რომ მთავრობა პრეზიდენტსა და პარლამენტს საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების მოთხოვნით აღარ მიმართავს, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისს დასრულდება. თუმცა, გახარიას თქმით, შეზღუდვების ნაწილი ძალაში დარჩება. მას არ დაუკონკრეტებია, რა შეზღუდვებზეა საუბარი.