აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას დაფინანსებას შეუწყვეტს, თუ ეს უკანასკნელი 30 დღეში სიტუაციას "არსებითად არ გააუმჯობესებს". წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც ტრამპი ამბობს, აშშ თავის წევრობას გადახედავს.

ამის შესახებ ტრამპი WHO-ს ხელმძღვანელისადმი გაგზავნილ წერილში აღნიშნავს, რომელიც მან ტვიტერზე გამოაქვეყნდა. როგორც ტრამპი წერს, ორგანიზაციისთვის ერთადერთი გზაა, ჩინეთისგან დამოუკიდებლობა აჩვენოს. აქამდე აშშ-ს პრეზიდენტმა ჯანმო ჩინეთის "მარიონეტი" უწოდა.

ჯანმოს ხელმძღვანელის, ტედროს ადანომ გებრეისუსისთვის გაგზავნილ წერილში აშშ-ს პრეზიდენტი პანდემიაზე ორგანიზაციის რეაგირებას უარყოფითად აფასებს. დონალდ ტრამპმა, რომელსაც ასევე კორონავირუსზე დაგვიანებული რეაქციისთვის აკრიტიკებენ, ჩინეთს ვირუსის აფეთქების დამალვაში ადანაშაულებს. ამასთან აკრიტიკებს ჯანმოს იმის გამო, რომ პეკინის პასუხისმგებლობას არ აყენებს.

წინა თვეში დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, აშშ-მ ჯანმოს ფინანსური დახმარება დროებით შეწყვიტა. აშშ ორგანიზაციაში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი შემტანია. წინა წელს ჯანმოს ფინანსები 15 პროცენტი სწორედ მასზე მოდიოდა.

ვაშინგტონში მიაჩნიათ, რომ პეკინი პანდემიის რეალურ მასშტაბებსა და ტემპებს მალავდა. მათივე მტკიცებით, ჯანმო ჩინეთს ბრმად ენდობოდა და საფრთხე სათანადოდ ვერ შეაფასეს.

ვირუსის წარმოშობისა და მასობრივი გავრცელების დეტალურ გამოძიებას ითხოვენ ევროკავშირი და ავსტრალია. ჩინეთი კი კორონავირუსის პერიოდში გამოძიების ჩატარების წინააღმდეგია. მათი თქმით, დამოუკიდებელი გამოძიება მას შემდეგ უნდა ჩატარდეს, რაც პანდემია სრულად კონტროლის ქვეშ იქნება.