სამშაბათს ჯო როგანმა განაცხადა, რომ მისი პოპულარული პოდკასტი Joe Rogan Experience მალე მხოლოდ სპოტიფაიდან იმაუწყებლებს.

სპოტიფაიზე პოდკასტის დებიუტი 1 სექტემბერს შედგება, მოგვიანებით კი ის ექსკლუზიურად მხოლოდ აღნიშნულ სტრიმინგ სერვისზე გახდება ხელმისაწვდომი.

"პოდკასტი ისევ უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი და არც გადაცემის ფორმატი შეიცვლება. ეს მხოლოდ სალიცენზიო ხელშეკრულებაა და სპოტიფაი მის შინაარსზე გავლენას არ მოახდენს" , — წერს ჯო როგანი საკუთარ ინსტაგრამზე, — "მათ სურთ რომ ყველაფერი უცვლელად დარჩეს".

სპოტიფაი ბოლო ორი წლის განმავლობაში საკუთარი პოდკასტების განვითარებაზე მუშაობდა და ჯო როგანის გადაცემაზე ექსკლუზივის მოპოვება წინ გადადგმულ ნაბიჯად ითვლება.

სპოტიფაიზე პოპულარული პოდკასტების გადასვლით სხვა სტრიმინგ სერვისები, მათ შორის YouTube დიდ დანაკარგს განიცდიან.

როგანის თქმით იუთუბზე კვლავ გამოქვეყნდება პოდკასტის მოკლე ვიდეო რგოლები, თუმცა გადაცემის სრული ჩანაწერის მოსმენა წლის ბოლოდან მხოლოდ სპოტიფაიზე იქნება შესაძლებელი.

სპოტიფაის განცხადებით გადაცემის ვიდეო ეპიზოდები ე.წ vodcast-ების სახით იქნება ხელმისაწვდომი.

შეთანხმების დეტალები ჯერ არ გამოქვეყნებულა, თუმცა შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ როგანისთვის ეს შემოთავაზება საკმაოდ მომგებიანია. სპოტიფაიმ სპორტული პოდკასტების საიტის, The Ringer-ის შეძენისთვის $200 მილიონი აშშ დოლარი გადაიხადა. სტრიმინგ სერვისმა ასევე 2019 წელს Gimlet and Parcast-ის პოდკასტი $400 მილიონ დოლარად შეიძინა.

როგანის პოდკასტი დიდი პოპულარობით სარგებლობს. მისი გადაცემის სტუმრები სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ადამიანები, ვარსკვლავები და მეცნიერები, მათ შორის ნეირობიოლოგებიც არიან. მიუხედავად ამისა როგანის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება არაერთგვაროვანი რჩება — მას ხშირად ტრანსფობიური, ისლამოფობიური და რასისტული გამონათქვამების გამო აკრიტიკებენ.