63 წლის ახალგორელი პაციენტი, ოკუპირებული რეგიონიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანისას გარდაიცვალა. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის ინფორმაციით, გარდაცვლილის ოჯახი ცდილობდა, რომ პაციენტი დროულად გადმოეყვანა კონტროლირებად ტერიტორიაზე, თუმცა დე ფაქტო რეჟიმმა პროცესი გაწელა და დაგვიანდა.

პაციენტი ინსულტის დიაგნოზით ახალგორის საავადმყოფოში მკურნალობდა, რის შემდეგაც ცხინვალის კლინიკაში გაადაიყვანეს და 5 დღე გააჩერეს. დე ფაქტო ხელისუფლებამ მხოლოდ გუშინ, 19 მაისს მიიღო გადაყვანაზე დადებითი გადაწყვეტილება და 9 საათზე ის წითელი ჯვრის ხაზით გორის საავადმყოფოში წაიყვანეს, თუმცა გზაში, კარალეთის ტერიტორიაზე გარდაიცვალა.

"ახლა მიმდინარეობს ექსპერტიზა, თუმცა როგორც ჩემთვის არის ცნობილი მამაკაცს ჰქონდა ინსულტი, რამდენიმე დღის წინ ახალგორის საავადმყოფოდან ის გადაიყვანეს ცხინვალში, რაც მოგეხსენებათ უკავშირდება საკმაოდ რთულ სერპანტინებს მაღალ მთაში, რაც თავისთავად უკუჩვენებას იწვევს ასეთ პაციენტებში და რამდენიმე დღის განმავლობაში უკვე ცხინვალის საავადმყოფოდან მისი ოჯახი ცდილობდა, რომ პაციენტი გადმოეყვანა კონტროლირებად ტერიტორიაზე, რაც არ მოხერხდა, რეალურად დაგვიანდა და ცხადია, ამან ძალიან დაამძიმა პაციენტის მდგომარეობა", — განმარტა ციხელაშვილმა.

მინისტრის თქმით, გარდაცვლილი არის მორიგი მსხვერპლი არაადამიანური და ამავდროულად სრულიად არალეგარული შეზღუდვებისა, რომელიც აქვს მოსახლეობას ცხინვალის რეგიონში იზოლაციის პირობებში.

"არ უნდა ფერხდებოდეს ასეთ გადაუდებელ სამედიცინო საჭიროებაზე მაინც გადაადგილება, მით უფრო მოგეხსენებათ, რომ ახალგორელებს ექმნებათ ძირითადად ეს პრობლემა, რაც არის აბსოლუტურად, კატეგორიულად მიუღებელი, ატარებს ეთნიკურ ნიშანსაც და ეს კიდევ უფრო ამძიმებს, აი, ამ მოქმედებებს, რასაც ახორციელებს რეჟიმი", — განაცხადა მან.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც საოკუპაციო რეჟიმი პაციენტების სამკურნალოდ გაშვებას აფერხებს, რაც ფატალური შედეგით სრულდება. სადამკვირვებლო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ოკუპირებულ რეგიონში ჰუმანიტარული კრიზისია.