საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, პროკურატურამ 20 ივნისის მოვლენების შედეგად 23 დაზარალებულს დაზარალებულის სტატუსი ისევ არ მიანიჭა. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, პროკურატურის უარს სასამართლოში გაასაჩივრებენ.

"დაზარალებულის სტატუსის ოფიციალურად მინიჭების გარეშე, აღნიშნული პირები მოკლებულნი არიან შესაძლებლობას, ეფექტიანად იყვნენ ჩართულნი სამართალწარმოების პროცესში, გაეცნონ საქმის მასალებს და გააკონტროლონ, რამდენად ქმედითია ის ნაბიჯები, რასაც პროკურატურა საქმის დროული გამოძიებისათვის დგამს", — აღნიშნავენ საიაში.

20 ივნისის საქმეზე 2019 წელს საიამ ერთხელ უკვე მოითხოვა დაშავებული პირებისათვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება, თუმცა, როგორც პროკურატურამ, ასევე სასამართლომ, მოთხოვნა არ დააკმაყოფილეს. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციაში განმარტავენ, პროკურატურა და სასამართლო დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე უარს ძირითადად იმით ხსნიდნენ, რომ სტატუსის მოთხოვნის დროისათვის დაზიანებებთან დაკავშირებით ექსპერტიზის შედეგები არ იყო ცნობილი. მოგვიანებით, აღნიშნულ პირთაგან პროკურატურამ დაზარალებულის სტატუსი მხოლოდ მაკო გომურს და გიორგი სულაშვილს მიანიჭა, თუმცა, სტატუსის მინიჭების მიუხედავად, როგორც მათ, ასევე საია-ს ადვოკატებს, საქმის მასალების სრულად გაცნობის შესაძლებლობა არ მიეცათ.

საიაში განმარტავენ, რომ აღნიშნულ უარს პროკურატურა ამჯერადაც ექსპერტიზის დასკვნის არარსებობაზე აფუძნებს და განმარტავს, რომ "ცალკე აღებული ჯანმრთელობის დაზიანების მიღების თუნდაც უდავო ფაქტი არ შეიძლება მივიჩნიოთ დაზარალებულად ცნობის ერთადერთ, იმპერიულ საფუძვლად ვინაიდან ამავდროულად უნდა დადგინდეს ზიანის გამომწვევი ქმედება წარმოადგენს თუ არა დანაშაულს".

საიაში მიიჩნევენ, რომ პროკურატურის მიერ 20-21 ივნისს დაზარალებული პირებისათვის სტატუსის მინიჭებაზე განმეორებით უარის თქმა უკანონო და დაუსაბუთებელია. ამასთან, ორგანიზაციაში ამბობენ, რომ საქმის დინამიკა გამოძიების ხარვეზებზე მიუთითებს:

"გარდა იმისა, რომ პროკურატურა დაზარალებულებს სამართალწარმოების პროცესში სათანადოდ არ რთავს, საქმის ობიექტურ და სრულყოფილ გამოძიებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ის გარემოებაც, რომ პროკურატურამ ამ დრომდე ვერ შეძლო დაშავებული პირების დაზიანებების გამომწვევი მიზეზების დადასტურება და შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნების მოპოვება".

საია იმედოვნებს, რომ სასამართლო დააკმაყოფილებს წარდგენილ საჩივარს და დაზარალებულ პირებს მიენიჭებათ დაზარალებულის სტატუსი. იმ შემთხვევაში, თუ საქმის გამოძიება დაზარალებულების სათანადო ჩართულობის და არსებითი ცვლილებების გარეშე გაგრძელდება, საია მათი ინტერესების დასაცავად ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართავს.