მსოფლიოში ცნობილმა იტალიელმა მომღერალმა განაცხადა, რომ მას მარტში COVID-19 დაუდასტურდა, თუმცა გართულებების გარეშე "მალევე გამოჯანმრთელდა".

ამასთან დაკავშირებით ბოჩელიმ 26 მაისს ფეისბუქზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც მან განმარტა, რომ აქამდე თავისი დიაგნოზი ოჯახის ინტერესებიდან გამომდინარე არ გაასაჯაროვა და ასევე არ სურდა, რომ ფანები ტყუილად აეღელვებინა.

"პანდემია, რომელმაც მსოფლიო შეარყია, მართალია შედარებით მსუბუქად, მაგრამ ჩემს ოჯახსაც შეეხო. იმდენად იღბლიანები აღმოვჩნდით, რომ მარტის ბოლოს სრულად გამოჯანმრთელებულები ვიყავით", — წერს ოპერის ეს ცნობილი მომღერალი ფეისბუქზე.

Wall Street Journal-თან მიცემულ ინტერვიუში ანდრია ბოჩელიმ დიაგნოზის დეტალებზე ისაუბრა:

"ჩემი ოჯახის ყველა წევრთან ერთად ვიყავი სულ და ყველა დავინფიცირდით. თავიდან სიცხე გვქონდა, შემდეგ გაციება, ბოლოს კი მცირედით ხველებაც".

თუმცა, როგორც 61 წლის მომღერალი რამდენიმე საათის წინ გავრცელებულ ფეისბუქპოსტში ამბობს, ის უკვე მთლიანად გამოჯანმრთელდა და თავისი სისხლიც გაიღო, რათა მეცნიერები ანტისხეულებს დააკვირდნენ და ვაქცინის შექმნა შეძლონ. შეგახსენებთ, რომ მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო მსახიობმა ტომ ჰენკსმაც.

ანდრეა ბოჩელიმ 12 აპრილს მილანის საკათედრო ტაძარში სააღდგომო კონცერტი ჩაატარა, რომელსაც უსაფრთხოების გამო არავინ ესწრებოდა და პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. როგორც ჩანს, მომღერალი ამ დროს უკვე ინფექციისგან გამოჯანმრთელებული იყო.