რამდენიმე წუთის წინ SpaceX-ის პირველი პილოტირებული ხომალდი, Crew Dragon საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს დაუკავშირდა. ამ დრომდე მისიის ყველა ეტაპმა სრულად წარმატებით ჩაიარა.

ასტრონავტები კოსმოსურ სადგურზე 1-4 თვის განმავლობაში გაჩერდებიან, რის შემდეგაც ისინი დედამიწაზე Crew Dragon-ით დაბრუნდებიან და ხომალდს დაშვებისასაც გამოცდიან.

საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან დანახული Crew Dragon

საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან დანახული Crew Dragon

ფოტო: NASA TV

2011 წლის შემდეგ ეს პირველი მისიაა, რომელმაც ადამიანები ორბიტაზე ამერიკის მიწიდან გაუშვა. 2011 წელს აშშ-ის კოსმოსური შატლის პროგრამა დასრულდა, რის შედეგადაც აშშ-მ ორბიტაზე ადამიანების გაყვანის შესაძლებლობა დაკარგა. ბოლო 9 წლის განმავლობაში NASA კოსმოსურ სადგურზე ასტრონავტების გასაშვებად რუსულ Soyuz-ზე იყო დამოკიდებული.

დღევანდელი დღე უმნიშნველოვანესია ილონ მასკის SpaceX-ისთვის, რომლის საბოლოო მიზანიც ადამიანების მარსზე გაშვებაა. კომერციული კოსმოსური ფრენების პროგრამა ნასამ 2011 წელს წამოიწყო, რომლის ფარგლებშიც SpaceX და Boeing საეკიპაჟო კომერციულ ხომალდებს ქმნიან. Boeing-ის Starliner პირველ საცდელ ფრენას, სავარაუდოდ, მომდევნო წელს განახორციელებს.