კანის წლევანდელი ფესტივალი 13-23 მაისს უნდა ჩატარებულიყო, ჟიურის ხელმძღვანელი კი სახელოვანი ამერიკელი რეჟისორი, სპაიკ ლი უნდა ყოფილიყო, თუმცა პანდემიის გამო ფესტივალი ჯერ ოპტიმისტური იმედით ზაფხულისთვის გადაიდო, შემდეგ კი გაუქმდა.

ამის მიუხედავად, რამდენიმე საათის წინ კანის ფესტივალის წარმომადგენლებმა იმ ფილმების სია გამოაქვეყნეს, რომელთა პრემიერაც წლევანდელ ფესტივალზე იყო დაგეგმილი.

მართალია, ამ ფილმებს წელს კანის კინოფესტივალის ჟიური და ერთგული მაყურებელი ჩვეულ ფორმატში ვერ იხილავს, თუმცა მათ კანის ფესტივალის სპეციალური ნიშანი/ეტიკეტი მიენიჭებათ, რაც მათ შემდეგში კინოგაქირავებასა და სხვადასხვა ფესტივალებში მონაწილეობაში სამომავლოდ ხელს შეუწყობს.

73-ე კანის კინოფესტივალისთვის შერჩეული ფილმების სია 3 ივნისს ოფიციალურად გამოაქვეყნეს.

ფოტო: Festival de Cannes / Facebook

ორგანიზატორების განცხადებით, წელს საკონკურსოდ 2 067 ფილმი განიხილეს და მათგან 56 საუკეთესო შეარჩიეს. წელს დაგეგმილ ჩვენებებს შორის 15 სადებიუტო ნამუშევარი, 16 კი რეჟისორი ქალების კინოსურათი იქნებოდა. აღსანიშნავია, რომ მათ შორის მოხვდა ქართველი რეჟისორის დეა კულუმბეგაშვილის სადებიუტო სრულმეტრაჟიანი ფილმი დასაწყისი.

სიის გამოქვეყნებისას არ დაუკონკრეტებიათ, თუ რომელი ფილმები განიხილებოდა საკონკურსოდ. თუმცა, როგორც უკვე ცნობილია, წელს ფესტივალზე მაყურებლები იხილავდნენ უეს ანდერსონის The French Dispatch, ფრანსუა ოზონის SUMMER 85, სტივ მაკქუინის Lovers Rock, ნაომი კავასეს ASA GA KURU, თომას ვიტენბერგის Druk, ვიგო მორტენსენის სადებიუტო სანუმშევარს Falling და Pixar-ის ახალ ანიმაციას Soul.

სრული ჩამონათვალის ხილვა შეგიძლიათ აქ.

The New York Times-ის ცნობით, აღნიშნული ფილმების ნაწილის ჩვენება მომავალი წლის ფესტივალზე შედგება.

"კვლავ შევხვდებით", — განაცხადა ფესტივალის პრეზიდენტმა, ტერი ფრემომ.