ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ნაციონალურ მოძრაობას მიმართა და აღნიშნა, რომ რაც მეტი აქვს პარტიას გავლენა, მით მეტია მისი პასუხისმგებლობა. ბოკერიას თქმით, ოპოზიციამ პირველ ტურში ცალ-ცალკე კანდიდატების დასახელებით არ უნდა გარისკოს.

"რაც უფრო მეტი გავლენა გაქვს, მით მეტი გაქვს პასუხისმგებლობა და ეს ეხება ამ შემთხვევაში ნაციონალურ მოძრაობას, სრული პატივისცემით ყველას მიმართ, იმედი მაქვს პასუხისმგებლობა და გონიერება გაიმარჯვებს და ჩვენ მალე გვექნება საზოგადოების წინაშე წარსადგენი სია, პირველ რიგში თბილისში", — თქვა გიგა ბოკერიამ.

ევროპულმა საქართველომ მზადყოფნა გამოთქვა, რომ ოპოზიცია ერთიან მაჟორიტარულ კანდიდატებზე არჩევნების პირველივე ტრისთვის შეთანხმდეს და სია საზოგადოებას გააცნოს.

საკონსულტაციო ფორმარტით გაერთიანებულ ოპოზიციაში ჯერ კიდევ მსჯელობენ, როგორ წარადგენენ მაჟორიტარებს. ევროპულ საქართველოში აცხადებენ, რომ მაჟორიტარულ ოლქებში ოპოზიციის შეთანხმება პირველ ტურში უნდა მოხდეს და მეორე ტურში ერთმანეთის მხარდაჭერა ისედაც იგულისხმება. ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, არის ოლქები, სადაც ცალსახად ერთი კანდიდატია საჭირო, თუმცა ზოგიერთში შეიძლება რამდენიმე კანდიდატის წარდგენა. ლელო აპირებს, რომ ყველა მაჟორიტარულ ოლქში თავისი კანდიდატი წარადგინოს. სხვა პარტიების გადაწყვეტილება, ამ ეტაპზე უცნობია.

მმართველ გუნდს მაჟორიტარ კანდიდატებზე ჯერ არაფერი უთქვამს, თუმცა უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ გაამხილა კრიტერიუმები, რომლებიც აუცილებელი ქართული ოცნების სიაში ახალი სახეების მოსახვედრად: საექსპერტო მონაცემები, პატრიოტიზმი, თავდადება.