სანამ სპორტი გაჩერებული იყო, აჭარაბეთმა მომხმარებელს ჰკითხა, "რამდენად შეიცვალა თქვენი ცხოვრება კარანტინში"?

გამოკითხვაში მონაწილეობა 500-მდე ადამიანმა მიიღო. მათ შორის ნახევარზე მეტი — 66% ქალია, 34% კი კაცი. ამასთან, მონაწილეთა უმრავლესობა (38%) 18-25 წლისაა. გამოკითხულთა 66% მუშაობს, 11% თვითდასაქმებულია, 10% უმუშევარი, 8% კი უნივერსიტეტში სწავლობს.

კარანტინის დროს შეიჭერი შენით თმა?

კარანტინის დროს სილამაზის სალონების დახურვა აჭარაბეთის გამოკითხულებისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა. ახალი "საშინაო" ვარცხნილობები კი უამრავმა სპორტსმენმა და სხვა პოპულარულმა ადამიანმა შემოგვთავაზა. გამოკითხული კაცების 49%-მა კარანტინის დროს თმები თავად შეიჭრა, ქალებში კი ეს რიცხვი 20%-ია.

ფოტო: აჭარაბეთი

დღე-ღამეში რამდენი საათი გძინავს?

ჯანსაღი ძილი თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანების ჯანმრთელობისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, სამეცნიერო კვლევების მიხედვით კი ოპტიმალური ძილის რეჟიმის დროს ადამიანს დღე-ღამეში 8 საათი უნდა ეძინოს. აჭარაბეთის მიერ გამოკითხულთა უმრავლესობას კარანტინამდე (52%) სწორედ 7-8 საათი ეძინა, კარანტინის დროს კი ძილის ხანგრძლივობა ძალიან გაიზარდა. 10 საათზე მეტი კარანტინამდე აჭარაბეთის მიერ გამოკითხულების მხოლოდ 1%-ს ეძინა, კარანტინის დროს კი 10%-ს.

ფოტო: აჭარაბეთი

იმზადებ თუ არა საჭმელს შენით?

კარანტინამდე აჭარაბეთის მიერ გამოკითხულთა 66% საჭმელს კვირაში 2-ჯერ ან ნაკლებჯერ იმზადებდა, კარანტინის დროს კი ასეთი ადამიანების რაოდენობა 44%-მდე დაეცა. ხოლო პირიქით, იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც საჭმელს კვირაში 5-ზე მეტჯერ იმზადებს, 18%-დან 28%-მდე გაიზარდა.

ფოტო: აჭარაბეთი

კარანტინის პერიოდში როგორ შეიცვალა შენი წონა?

ალბათ, როცა კომენდანტის საათი გამოცხადდა და ყველანი მივხვდით, რომ კორონას გამო მომდევნო თვეებში ძალიან ბევრი თავისუფალი დრო გვექნებოდა, უმრავლესობამ დავისახეთ გეგმები, როგორ დავიწყებდით ვარჯიშს და როგორ ჩავდგებოდით ზაფხულისთვის ოპტიმალურ ფიზიკურ ფორმაში. თუმცა, როგორც აჭარაბეთის რესპონდენტების გამოკითხვის შედეგად გამოჩნდა, ეს მცდელობები უშედეგო აღმოჩნდა. კომპანიის მიერ გამოკითხულთა 47%-მა წონაში მოიმატა, 38%-ს წონა არ შეცვლილა, 15%-მა კი დაიკლო.

ფოტო: აჭარაბეთი

კარანტინის დროს გადმოწერე ტიკტოკი?

ტიკტოკი 2020 წელს მსოფლიოში ყველაზე ტრენდული აპლიკაცია გახდა, მაგრამ 10-წამიანი ვიდეოების ყურებაში საათების გაყვანის ცდუნების მიუხედავად, აპლიკაცია აჭარაბეთის მიერ გამოკითხულების მხოლოდ 30%-მა გადმოწერა.

ფოტო: აჭარაბეთი

როგორ შეიცვალა თამბაქოს მოხმარება?

თამბაქოს მოხმარების მაჩვენებლები კარანტინის დროს საკმაოდ საინტერესოდ გადანაწილდა. კარანტინამდე სიგარეტს აჭარაბეთის მიერ გამოკითხულთა 51% არ ეწეოდა, კარანტინის დროს კი ეს მაჩვენებელი 55%-მდე გაიზარდა. თუმცა, საპირისპიროდ მსუბუქი მწეველების რაოდენობაც გაიზარდა და თუ აქამდე დღეში 20+ ღერს მხოლოდ 10% ეწეოდა, კარანტინმა ეს რიცხვი 15%-მდე გაზარდა.

ფოტო: აჭარაბეთი

რამდენად ხშირად უყურებდი ფილმებს/სერიალებს?

რა თქმა უნდა, თავისუფალი დროის გაჩენამ ადამიანებს ფილმებისა და სერიალების ყურების მეტი შესაძლებლობა დაუტოვა და აჭარაბეთის მიერ გამოკითხული იმ ადამიანების 75%, ვინც აქამდე მედიას იშვიათად ან საერთოდ არ უყურებდა, ახლა ფილმებს და სერიალებს ხშირად უყურებს.

დღეში რამდენ ფინჯან ყავას სვამ?

საინტერესოა, რომ ყავის დალევის სიხშირეზე კარანტინს პრაქტიკულად არ უმოქმედია და 2-3%-ზე დიდი ცვლილება არც ერთ კატეგორიაში არ გვაქვს.

ფოტო: აჭარაბეთი

დღეში რამდენ ადამიანთან გაქვს პირადი კონტაქტი?

კარანტინის ყველაზე ნეგატიური მხარე ადამიანებთან კონტაქტის გაიშვიათებაა, რაც აჭარაბეთის გამოკითხვამაც ძალიან მკაფიოდ ასახა. დღეში 20-ზე მეტ ადამიანთან კარანტინამდე კონტაქტი გამოკითხულთა 48%-ს ჰქონდა, მაგრამ კარანტინის შემდეგ ეს რიცხვი 7%-მდე დაეცა. საპირისპიროდ, ადამიანების მხოლოდ 15%-ს ჰქონდა დღეში 5-ზე ნაკლებ ადამიანთან კონტაქტი, კარანტინმა კი ეს მაჩვენებელი 69%-მდე გაზარდა.

დღეში რამდენ მეტრს დადიხარ ფეხით?

ქალაქში გამონაბოლქვის შეჩერებისგან გამოწვეულმა ჰაერის დასუფთავებამ, როგორც ჩანს, მოსახლეობაში სეირნობა ვერ წაახალისა, რადგან აჭარაბეთის მიერ გამოკითხულთა აბსოლუტური უმეტესობა კარანტინის დროს ბევრად ნაკლებ მანძილს გადის ფეხით, ვიდრე კარანტინამდე.

ფოტო: აჭარაბეთი

გაეცანით ვიდეოს: