136 დღეა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია მწვანე ღობეშია მოქცეული. 22 იანვარს გაურკვეველი ვადით დაწყებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ბოლო არ უჩანს. ჯერ კიდევ იანვარში თბილისის მერიაში სამუშაოების დასრულების ზუსტ დროს ვერ ამბობდნენ, თუმცა განაცხადეს, რომ პროექტი ნახევარი მილიონი ლარი დაჯდებოდა.

20 ივნისის აქციისთვის პარლამენტთან რეაბილიტაციის დასრულებაში თბილისის მერს, კახა კალაძეს დახმარება სამოქალაქო მოძრაობა #სირცხვილიამ შესთავაზა. მაშინ კახა კალაძემ უპასუხა, რომ "პარლამენტთან სამუშაოებს ასრულებს ის, ვინც თავისი საქმე იცის". მან, ასევე აღნიშნა, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო პროექტის დასრულება გაიწელა.

სამუშაოების შემსრულებელი კომპანია გრინსერვის+-ის დირექტორი ლაშა ფურცხვანიძე On.ge-სთან აცხადებს, რომ იანვრის შემდეგ სამუშაოები არ შეჩერებულა, თუმცა უშუალოდ პროცესში ბევრი გაუთვალისწინებელი სამუშაო აღმოჩნდა, რამაც პროცესი გაწელა.

"ქვემოთ არის შადრევნის უზარმაზარი სივრცე, რომელსაც ფილა თავიდან დაესხა, ჰიდროიზოლაცია გაკეთდა, ძალიან დიდი სამუშაოები იყო", — განმარტავს ლაშა ფურცხვანიძე.

რაც შეეხება სამუშაოების დასრულებას, კომპანიის დირექტორი იმედოვნებს, რომ ეს აგვისტოში მოხდება:

"იმედი გვაქვს, რომ აღარაფერი შეგვიშლის ხელს. ჩვენ რაც მალე დავამთავრებთ, გვირჩევნია".

ფოტო: ანა ვახტანგაძე / On.ge

ფოტო: ანა ვახტანგაძე / On.ge

ფოტო: ანა ვახტანგაძე / On.ge

ფოტო: ანა ვახტანგაძე / On.ge

ფოტო: ანა ვახტანგაძე / On.ge

თბილისის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურში On.ge-ს წერილობით განუცხადეს, რომ უკვე განხორციელდა ფილების დემონტაჟი, მოეწყო ჰიდროსაილოზაციო ფენა, წესრიგდება საკომუნიკაციო ჭები და ფილების დაგებაც დაიწყება. გარდა ამისა, შადრევნების სრული რეაბილიტაცია იგეგმება.

სარეაბილიტაციო სამუშაოების ირგვლივ დადგმულ მწვანე ღობეზე აქტივისტების მიერ გაკეთებული საპროტესტო წარწერებია. "სირცხვილია", "ბიძინას ბოსტანი", "გადადექი" და სხვა ფრაზები მას შემდეგ დააწერეს მასზე, რაც მერიამ მალხაზ მაჩალიკაშვილის კარავი აიღო, ჯერ იქ საახალწლო ატრაქციონები მოაწყო, მერე კი ტერიტორია რეაბილიტაციისთვის შემოღობა.