ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა ამბობს, რომ თავად თბილისის არც ერთ ოლქში არ იქნება მაჟორიტარობის კანდიდატი. ამის შესახებ მან რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრა, თუმცა არ დააზუსტა, რომელ რეგიონში აპირებს კენჭისყრას.

კითხვას, მაჟორიტარობის რამდენი კანდიდატი ეყოლება თბილისში ევროპულ საქართველოს, გიგი უგულავა პასუხობს, რომ ეს კონსულტაციების ნაწილი უნდა იყოს.

"ციფრებისგან ჯერჯერობით თავს შევიკავებ, ეს კონსულტაციების საგანი უნდა იყოს და შემდეგ ჩამოვყალიბდებით. შემიძლია პრინციპები ვთქვა: თბილისში უნდა იყვნენ მაქსიმალურად პოლიტიკური ლიდერები, ჩემი აზრით. მე თბილისის მაჟორიტარი არ ვიქნები, სადაც ვიქნები, ეს ცნობილი გახდება", — თქვა უგულავამ.

მან ისაუბრა შერჩევის პრინციპებზეც და აღნიშნა, რომ ეს არის პოლიტიკური პარტიები და მათი ხელმძღვანელები მაქსიმალურად მრავალფეროვნად იყვნენ წარმოდგენილები.

"ჩვენ მიგვაჩნია, რომ მაჟორიტარული ნაწილი სწორედ პოლიტიკური არჩევნები უნდა იყოს და სწორედ იქედან გამოეცლება ივანიშვილს მიტაცებული ძალაუფლება, რაც ჰგონია, რომ ძალაუფლებას მიატაცებინებს", — თქვა უგულავამ.

საკონსულტაციო ფორმატით გაერთიანებულ ოპოზიციაში ჯერ კიდევ მსჯელობენ, როგორ წარადგენენ მაჟორიტარებს. ევროპულ საქართველოში აცხადებენ, რომ მაჟორიტარულ ოლქებში ოპოზიციის შეთანხმება პირველ ტურში უნდა მოხდეს და მეორე ტურში ერთმანეთის მხარდაჭერა ისედაც იგულისხმება. ლელო აპირებს, რომ ყველა მაჟორიტარულ ოლქში თავისი კანდიდატი წარადგინოს. სხვა პარტიების გადაწყვეტილება, ამ ეტაპზე უცნობია. 4 ივნისს ნაციონალურ მოძრაობაში განაცხადეს, რომ თბილისში 8 მაჟორიტარული ოლქიდან 6 ოპოზიციის კანდიდატებს დაუთმოს.

მმართველ გუნდს მაჟორიტარ კანდიდატებზე ჯერ არაფერი უთქვამს, თუმცა უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ გაამხილა კრიტერიუმები, რომლებიც აუცილებელი ქართული ოცნების სიაში ახალი სახეების მოსახვედრად: საექსპერტო მონაცემები, პატრიოტიზმი, თავდადება.

ამავე თემაზე: