ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, დიდი ალბათობით მაჟორიტარად იყრის კენჭს. ღამის კურიერში ინტერვიუს დროს, ბოკერიამ არ თქვა რომელ ოლქში განიხილავს კანდიდატურას, მან არც სხვა გეგმებზე ისაუბრა. ამასთან, მისმა თანაპარტიელმა და თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ განაცხადა, რომ თბილისშიმაჟორიტარობას არ აპირებს.

"გარკვეული გეგმები, რა თქმა უნდა, გვაქვს, მაგრამ ამ გეგმებში შეიძლება კორექტირება მოხდეს, შეთანხმებიდან გამომდინარე, ამიტომ ბუნებრივია დროს არ გავუსწრებ. ძლიერად ვიქნები წარმოდგენილი შემდეგ პარლამენტში", — განაცხადა ბოკერიამ.

მისივე თქმით, ზოგიერთოლქში ოპოზიციამ რამდენიმე კანდიდატი უნდა წარადგინოს.

საკონსულტაციო ფორმატით გაერთიანებულ ოპოზიციაში ჯერ კიდევ მსჯელობენ, როგორ წარადგენენ მაჟორიტარებს. ევროპულ საქართველოში აცხადებენ, რომ მაჟორიტარულ ოლქებში ოპოზიციის შეთანხმება პირველ ტურში უნდა მოხდეს და მეორე ტურში ერთმანეთის მხარდაჭერა ისედაც იგულისხმება. ლელო აპირებს, რომ ყველა მაჟორიტარულ ოლქში თავისი კანდიდატი წარადგინოს. სხვა პარტიების გადაწყვეტილება, ამ ეტაპზე უცნობია. 4 ივნისს ნაციონალურ მოძრაობაში განაცხადეს, რომ თბილისში 8 მაჟორიტარული ოლქიდან 6 ოპოზიციის კანდიდატებს დაუთმოს. ამავე დროს, პარტია წინასაარჩევნო კამპანიას თბილისის მხოლოდ ორ რაიონში — გლდანსა და სამგორში დაიწყებს.

მმართველ გუნდს მაჟორიტარ კანდიდატებზე ჯერ არაფერი უთქვამს, თუმცა უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ გაამხილა კრიტერიუმები, რომლებიც აუცილებელი ქართული ოცნების სიაში ახალი სახეების მოსახვედრად: საექსპერტო მონაცემები, პატრიოტიზმი, თავდადება.

ამავე თემაზე: