პარტია ლელო საქართველოსთვის ლიდერის, მამუკა ხაზარაძის თქმით, საპატრიარქოს ეკლესია-მონასტრებისთვის მიმდებარედ ტყეების გადაცემა პრობლემად არ მიაჩნია. ის დარწმუნებულია, რომ ეკლესია მას კარგად მიხედავს. ამ თემაზე ხაზარაძემ TV პირველის ეთერში ისაუბრა.

"თუ ისტორიულად ეკლესია პატრონობდა, მის გარშემო დაკანონება ამ ტყის, მე არანაირ პრობლემად არ მიმაჩნია. [...] ის, რაც ისედაც იყო მათი, მაგრამ კერძო საკუთრებაში არ იყო, მე როგორც ვიცი უზურფუტში იყო, დღეს უბრალოდ დაკანონდა. მე ამაში დიდს და განსაკუთრებულს ვერაფერს ვერ ვხედავ, მე დარწმუნებული ვარ ჩვენი ეკლესია ძალიან კარგად მიხედავს", — თქვა მამუკა ხაზარაძემ.

პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ საპატრიარქოსთვის ტყეების დაკანონება დღეს არ მომხდარა და ეს ტყეები ძველ ტაძრებზე იყო გადაცემული.

საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა ტყის კოდექსი, რომელიც, მათ შორის, ითვალისწინებს იმას, რომ საპატრიარქოს საკუთრებაში შეიძლება გადაეცეს საქართველოში არსებული ყველა ეკლესია-მონასტრის მიმდებარე ტყის ფართობი, არაუმეტეს 20 ჰექტრისა თითოეულის შემთხვევაში.

ტყის კოდექსის ამ ჩანაწერს აკრიტიკებენ არასამთავრობო ორგანიზაციები, მათ ამის შესახებ არაერთი განცხადება გაავრცელეს. ისინი ცვლილებების ამ ფორმით მიღებას ეწინააღმდეგებიან. ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) განცხადებით, ინიციატივა დამატებით ქონებრივ და ფინანსურ პრივილეგიებს ანიჭებს დომინანტ რელიგიურ ორგანიზაციას, ასევე, არღვევს სახელმწიფოსა და რელიგიის ურთიერთგამიჯვნის კონსტიტუციურ პრინციპს.

TDI აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს მიერ საპატრიარქოსთვის გადაცემული ქონებისა და დაფინანსების მასშტაბი წინაასარჩევნო პერიოდებში იზრდება. მათივე შეფასებით, ეს ხელისუფლების მხრიდან გავლენიანი ინსტიტუტის მიერ პოლიტიკური მხარდაჭერის სურვილით შეიძლება აიხსნას.

კიდევ ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) შეფასებით ცვლილებები ეწინააღმდეგება ფუნდამენტურ კონსტიტუციურ პრინციპებს და მათივე განცხადებით, იგი სტრატეგიული ბუნებრივი რესურსების მართვის და განაწილების უსამართლო პრაქტიკას ქმნის.

EMC-შიც ვარაუდობენ, რომ მართლმადიდებელი ეკლესიისთვის დამატებითი პრივილეგიების გადაცემის ამ ინიციატივას, სავარაუდოდ, წინასაარჩევნო კონტექსტში საპატრიარქოს ლოიალობის მოპოვების ინტერესი აქვს.