ნინო ჟიჟილაშვილისა და ვახო სანაიას შემდეგ, TV პირველი დიანა ტრაპაიძემაც დატოვა.

ჟურნალისტმა ამის შესახებ Facebook-ზე დაწერა და მიუთითა, რომ სხვა არხზე არ გადადის და დასვენებას აპირებს.

"დღეიდან "დღის ამბებს" აღარ წავიყვან. მივდივარ ტელევიზიიდან, მაგრამ სულ ვიქნები TV პირველის გულშემატკივარი. იქ ჩემი ძალიან კარგი მეგობრები მუშაობენ და წარმატებები მათ.
განსაკუთრებული მადლობა ვატოს, ინგას, ჟიჟის, ვახოს, ნანას. მათთან და სხვებთან ერთად, მეც ვაკეთებდი არცთუ ურიგო ტელევიზიას და იქ პროფესიული ცხოვრების ალბათ საუკეთესო 4 წელი გავატარე.

ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული. ჩავთვალე რომ ახლა დასრულების დროა.

პ.ს. არ გადავდივარ არსად. ცოტას დავისვენებ და მერე დავიწყებ თავიდან", — წერს ჟურნალისტი.

TV პირველის ჟურნალისტებმა, ნინო ჟიჟილაშვილმა და ვახო სანაიამ ტელევიზიიდან წასვლის შესახებ 12 ივნისს, პირდაპირ ეთერში გამოაცხადეს.

"ჩვენ ამ არხზე თითოეულ ნაბიჯზე ვიღებდით პასუხისმგებლობას, რაც, სამწუხაროდ, უკვე აღარ გამოგვდის. მარტივად რომ გითხრათ, ჩვენ უბრალოდ არ მოგვწონს, რაც ჟურნალისტური სტანდარტისა და ყველა სხვა კომპონენტის თვალსაზრისით TV პირველზე ხდება. არ მოგვწონს და ვერც ვერაფერს ვცვლით", — თქვა ჟიჟილაშვილმა.

ტელეწამყვანებთან ერთად არხი დატოვეს გადაცემა პოლიტმეტრის პროდიუსერმა გიორგი დარჩაშვილმა, პროდიუსერმა და ჟურნალისტმა ხატია შამანაურმა, წამყვანმა და ჟურნალისტმა გიორგი კიკაბიძემ, წამყვანმა და ჟურნალისტმა სოფო მაისურაძემ, პროდიუსერმა მიხო კოტეტიშვილმა.

ნინო ჟიჟილაშვილი თებერვლის ბოლოს საინფორმაციო სამსახურის უფროსად დაინიშნა, თუმცა თითქმის ორთვიანი მუშაობის შემდეგ პოსტი დატოვა. როგორც ტელეკომპანიის მაშინდელმა დირექტორმა, ინგა გრიგოლიამ On.ge-ს განუმარტა, საკადრო ცვლილება არჩევნების მოახლოებასა და ახალ ტოკ-შოუებს უკავშირდებოდა. ამასთან, თვითონ ტელეწამყვანმა განმარტა, რომ საინფორმაციო სამსახურის განვითარების მისი და არხის ხელმძღვანელების ხედვები ერთმანეთს არ დაემთხვა.

ჟიჟილაშვილის პოსტიდან წასვლა დროში დაემთხვა TV პირველში ნოდარ მელაძის გადასვლას. ნოდარ მელაძემ მთავარი არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსის თანამდებობა აპრილში დატოვა. ის TV პირველზე მთავარი პროდიუსერი გახდა და ყოველკვირეულად საავტორო გადაცემასაც წაიყვანს. მელაძესთან ერთად TV პირველში მთავარი არხის რამდენიმე ჟურნალისტიც გადავიდა.