დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველო ჯერ საკარანტინო ზონებს ვერ გააუქმებს და ის ქვეყანაში შემოსულებისთვის სავალდებულო რჩება.

"საკარანტინო ზონებს ჯერჯერობით ქვეყანა ვერ გააუქმებს, მით უმეტეს, ჩვენ ირგვლივ, საიდანაც დღეს შემოდიან საქართველოს მოქალაქეები ან სხვა, ორმაგი მოქალაქეობის მქონე ადამიანები, მათთვის კარანტინი ჯერჯერობით ძალაში რჩება", — თქვა ამირან გამყრელიძემ.

მან აღნიშნა, რომ ეს მეთოდი ერთ-ერთი ყველაზე ქმედითი მექანიზმია დაავადების ფართოდ გავრცელების პრევენციისთვის. გამყრელიძემ აღნიშნა, რომ ტურიზმის გახსნა აუცილებელია და წელს შიდა ტურიზმს მეტი სტიმული უნდა მიეცეს, თუმცა ყველამ რეკომენდაციები უნდა დაიცვას.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში სულ დადასტურებულია კორონავირუსის 879 შემთხვევა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 704 ადამიანი, ხოლო გარდაცვლილია — 14. კარანტინის რეჟიმში 2 710 პირი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 267.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, დღეს დადასტურებული 15 ახალი შემთხვევიდან 2-ის წყარო უცნობია.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: