ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, აპლიკაცია STOP COVID-ით 10 ინფიცირებული პირის იდენტიფიცირება მოხდა. ბოლო შემთხვევა 7 ივნისს დადასტურდა.

როგორც სამინისტროში ამბობენ, აპლიკაცია 203 684 ადამიანს აქვს გადმოწერილი, აქედან 61 პროცენტი ანდროიდის, ხოლო 39 პროცენტი iOS-ის მომხმარებელია.

აპლიკაცია მომხმარებლებს შორის ინტერაქციის შესახებ ინფორმაციას, დაშიფრული სახით, ორივე მომხმარებლის მობილურ ტელეფონში ინახავს და იმ შემთხვევაში თუ რომელიმე პირს ვირუსი დაუდასტურდება მის სარისკო კონტაქტებს აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ეგზავნებათ.

"თქვენ კონტაქტი გქონდათ COVID-19-ის მქონე პირთან, გთხოვთ მოექცეთ თვითიზოლაციაში და სასწრაფოდ დაუკავშირდეთ შესაბამის უწყებას", — ამ ტიპის შეტყობინებას იღებენ აპლიკაციის მეშვეობით ის პირები, რომლებსაც ინფიცირებულ პირთან კონტაქტი 15 წუთზე დიდხანს და 2 მეტრზე ნაკლები დისტანციის დაცვით ჰქონდათ.

ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ აპლიკაცია ავსტრიულმა კომპანიამ შეიმუშავა და ლიცენზიის საფასურის გადახდის გარეშე, სხვადასხვა ქვეყნის მთავრობისთვის ხელმისაწვდომი გახადა. ამის შემდეგ აპლიკაცია ქართულ რეალობასთან და კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოიყვანეს. უწყებაში აღნიშნავენ, რომ ტექნიკური მომსახურების საფასურმა 412 116 ლარი შეადგინა, რომელიც მსოფლიო ბანკის, კორონავირუსზე გადაუდებელი რეაგირების პროექტის ფარგლებში რეტროაქტიულად ფინანსდება.