ბოლო ინფორმაციით, ოსკარების 2021 წლის დაჯილდოება ჩატარდება, თუმცა არა აქამდე დაგეგმილ დროს — 28 თებერვალს.

ამერიკის კინოაკადემიამ 15 ივნისს განაცხადა, რომ ოსკარების დაჯილდოების 93-ე ცერემონია ორი თვით გვიან, 2021 წლის 25 აპრილს გაიმართება. ერთი თვის წინ უცხოურ მედიაში ამის შესახებ დაუდასტურებელი ინფორმაცია გავრცელდა, თუმცა უკვე ოფიციალურად ცნობილია, რომ დაჯილდოება ნამდვილად გადაიდო.

"საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში ფილმები ყველაზე რთულ დროსაც კი ჩვენი მთავარი ნუგეშისმცემელი, შთაგონების წყარო და გართობის საშუალება იყო. წელსაც ზუსტად მსგავსი მნიშვნელოვანი როლი ითამაშა კინომ ჩვენს ცხოვრებაში. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი დაჯილდოების გახანგრძლივებული თარიღი კინოხელოვანებს საშუალებას მისცემს, რომ დაასრულონ პროექტებზე მუშაობა და მათი გამოშვება", — ვკითხულობთ აკადემიის პრეზიდენტის, დევიდ რუბინის განცხადებაში.

კორონავირუსის პანდემიის გამო უამრავ კინოპროექტზე მუშაობა გაურკვეველი ვადით შეჩერდა, უკვე დასრულებული კინოსურათების პრემიერა კი კინოთეატრების დაკეტვის გამო გადაიდო. შესაბამისად, ამერიკის კინოაკადემიის ეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო დიდ დროს აძლევს კინოხელოვანებს, რომ მათი პროექტების დასრულება და მაყურებლებისთვის წარდგენა მოასწრონ, რათა ოსკარების კონკურსში ჩართვაც შეძლონ.

ასევე აღსანიშნავია, რომ ცვლილებას უნდა ველოდოთ ნომინაციებშიც: აკადემიამ გადაწყვიტა, რომ უფრო მრავალფეროვანი ფილმების რეპრეზენტაციისათვის, ამიერიდან საუკეთესო ფილმის კატეგორიას ათი ფინალისტი ეყოლება. აქამდე ყოველწლიურად ეს რაოდენობა მკაცრად განსაზღვრული არ იყო ხოლმე.

ოსკარების 2020 წლის დაჯილდოებაზე წლის საუკეთესო ფილმად სამხრეთ კორეელი რეჟისორის, ბონგ ჯუნ ჰოს ფილმი პარაზიტი დასახელდა.

ფოტო: AP / Chris Pizzello

ეს მეოთხე შემთხვევაა, როცა ოსკარების დაჯილდოება გადაიდო: პირველად 1938 წელს ლოს-ანჯელესის წყალდიდობის გამო დაფიქსირდა ეს პრეცედენტი; შემდეგ 1968 წელს მარტინ ლუთერ კინგის მკვლელობის გამო გადაიდო დაჯილდოების ცერემონია და ბოლოს 1981 წელს პრეზიდენტ რონალდ რეიგანის მკვლელობის მცდელობის გამო.

ოსკარებთან ერთად გადაიდო BAFTA-ს 2021 წლის დაჯილდოება: ის ოსკარების დაჯილდოებამდე ორი კვირით ადრე, 11 აპრილს გაიმართება.

რაც შეეხება ოქროს გლობუსის დაჯილდოებას, როგორც უცხოური პრესის ასოციაციის პრეზიდენტი, ლორენსო სორია აცხადებს, ჯერჯერობით დაჯილდოების გადადებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღიათ.