იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ, პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ და სამოქალაქო მოძრაობის ლიდერებმა ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა ერთობლივი პოლიტიკური პლატფორმა შექმნეს. ახალი პოლიტიკური პლატფორმის შექმნასთან დაკავშირებით მათ მემორანდუმს ხელი დღეს, 18 ივნისს მოაწერეს. ისინი საერთო პარტიის ჩამოყალიბებას გეგმავენ.

არასამთვარობო ორგანიზაციები საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძის მიერ სამოქალაქო მოძრაობა ხალხისთვის დაფუძნებას ეხმიანებიან და ამბობენ, ეს მის მიერ ამჟამად დაკავებულ თანამდებობასთან შეუთავსებელია. ამასთან დაკავშირებით რამდენიმე ორგანიზაცია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და დოლიძეს მოუწოდებს, რომ თუ ის უახლოეს მომავალში პოლიტიკურ საქმიანობას აპირებს, გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ თავად და დროულად მიიღოს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი ამბობს, რომ ანა დოლიძე დღესაც რომ გადადგეს იუსტიციის საბჭოს წევრის თანამდებობიდან, კანონი უკვე დარღვეული აქვს. მისი თქმით, დოლიძის მიერ თანამდებობის არდატოვებით, საზოგადოებისთვის თვალებში ნაცრის შეყრის პოლიტიკა გრძელდება.