რუსეთში COVID-19-ით 489 სამედიცინო მუშაკი გარდაიცვალა — ამის შესახებ სამშაბათს, რუსეთის სამედიცინო ზედამხედველობის ფედერალური სააგენტოს განცხადებიდან გახდა ცნობილი. ეს ყოველივე კი იმის ფონზე მოხდა, როცა სამედიცინო წრეებში სულ უფრო ხშირად საუბრობენ პირველადი თავდაცვის ეკიპირების დეფიციტზე.

პირველადი ჯანდაცვის რგოლში მომუშავე სპეციალისტები კორონავირუსთან ბრძოლის წინა ხაზზე დგანან. მათთვის საჭირო პირველადი თავდაცვის საშუალებების დეფიციტი ბევრი ქვეყნისთვის მწვავე პრობლემაა. თუმცა, რუსეთში ამ თემაზე ხმამაღლა საუბარს დღემდე ერიდებიან. ექიმმა ალექსანდრ შუპელოვმა აპრილის ბოლოს გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ყვებოდა, თუ როგორ აიძულებდნენ მას მუშაობას კორონავირუსის დიაგნოზის მიუხედავად. ექიმი ასევე აცხადებდა, რომ მედიკოსებს თავდაცვის საშუალებებით არ ამარაგებენ და ვირუსზე ტესტირებასაც არ უტარებენ. რამდენიმე დღეში შუპელოვი, დაუდგენელ ვითარებაში, კლინიკის ფანჯრიდან გადავარდა. იგივე ბედი გაიზიარა მისმა რამდენიმე კოლეგამაც.

ევროპის ქვეყნებში კორონავირუსის შემთხვევებმა პიკს მარტსა და აპრილში მიაღწია. ამის ფონზე რუსეთი, ერთი შეხედვით, პანდემიას თითქოს უკეთ უმკლავდებოდა. თუმცა, მას შემდეგ ეპიდსიტუაცია მნიშვნელოვნად გაუარესდა — ამჟამად რუსეთი ინფიცირებული პაციენტების რაოდენობით მესამე ადგილზეა, აშშ-ს და ბრაზილიის შემდეგ. ოფიციალური სტატისტიკა ასეთია: 561,091 ინფიცირებული და 7,660 გარდაცვლილი.

აღნიშნული მაჩვენებელი ექსპერტთა კრიტიკის საგანი უკვე გახდა — ოფიციალურ მოსკოვს გარდაცვლილთა რეალური რიცხვების დამალვაში ადანაშაულებენ. საპასუხოდ, კრემლი აღნიშნავს, რომ დასავლური ქვეყნები COVID-19-ით გარდაცვლილებს არასწორად ითვლიან. პუტინის მთავრობის აზრით, რეალური რიცხვი უშუალოდ კორონავირუსის გართულებით გარდაცვლილთა მაჩვენებელია.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ის პაციენტები, რომელთაც ვირუსი ტესტირებით დაუდასტურდებათ, მაგრამ დაავადების სიმპტომები არ გამოუვლინდებათ, ოფიციალურ სტატისტიკაში ვერ ხვდებიან.

რუსეთის მთავრობა ასევე ხაზს უსვამს თავის ეფექტიან მუშაობას. მათი განცხადებით, ქვეყანაში პანდემია საკმაოდ გვიან შემოვიდა და ამ დროისთვის ისინი მას უკვე მომზადებულები დახვდნენ. თუმცა, როგორც ევროკავშირის ორგზის გაკეთებული განცხადებიდან ვიგებთ, რუსეთი პანდემიის დაწყებიდან აქტიურად იყო ჩართული ევროპის მასშტაბით დეზინფორმაციის გავრცელებასა და პანიკის დათესვაში.

კორონავირუსთან ბრძოლაში დაღუპულ მედიკოსთა სტატისტიკა გაცილებით დაბალია ევროპის ქვეყნებში. იტალიის ექიმთა და სტომატოლოგთა ასოციაციის მონაცემებით, ქვეყანაში პანდემიას 168 სამედიცინო მუშაკი ემსხვერპლა. თუმცა ეს სტატისტიკა არასრულია — მასში ივნისის თვეში გარდაცვლილთა მაჩვენებლები ჯერ შეტანილი არ არის.

ივნისის დასაწყისში ექთანთა საერთაშორისო საბჭომ პირველადი სტატიკური მონაცემები გამოაქვეყნა — კორონავირუსით მსოფლიოს მასშტაბით 230 ათასზე მეტი სამედიცინო მუშაკი დაინფიცირდა, ხოლო გარდაცვლილ ექთანთა რაოდენობა 600-ს აღემატება.