რუსი კომუნისტი დეპუტატი, რომელიც ზუსტად ერთი წლის წინ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამში იჯდა, დღეს პროპაგანდისტულ ვიდეოს ავრცელებს. ოკუპანტი ქვეყნის პოლიტიკოსი უკუპირებულ საქართველოში გამართულ აქციასთან დაკავშირებით ამბობს, რომ "დამნაშავეებმა" აუცილებლად უნდა აგონ პასუხი და შესაბამისი სასჯელით.

გავრილოვის თქმით, ბოდიშს არ ითხოვენ, მაგრამ ეს "სწორი ნაბიჯი იქნებოდა".

"ჩვენ არ ვითხოვთ ბოდიშს, მაგრამ მიგვაჩნია, რომ მომხდარის გამო ბოდიში ევროპელი პარლამენტარებისადმი, ძმების მიმართ, რომლებსაც საქართველოსთვის მხოლოდ კარგი უნდათ, რუსეთის მიმართ შეურაცხყოფისთვის, რუსეთის პრეზიდენტის, დეპუტატების მიმართ, ჩვენი საერთო ისტორიის მიმართ. ეს მნიშვნელოვანი პირობაა ჩვენი პოლიტიკური ურთიერთობის სრულად აღდგენისთვის, ასევე, საჭიროა ვაჟკაცობა იმისთვის, რომ დიპლომატიური ურთიერთობის სრულყოფილება აღდგეს", — აცხადებს ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატი.

მან ახსენა "რუსოფობიაც" და "სახელმწიფო გადატრიალებაც". ამასთან, იმედი გამოთქვა, რომ დღეს საქართველოს ხელისუფლება იპოვის ძალას, რომ საბოლოოდ ჩაუშალოს გეგმები "რევანშისტებს" და "გადატრიალების მომწყობებს".

"ჩვენ არ ველოდებით ბოდიშს, მაგრამ მიგვაჩნია, რომ ეს სწორი ნაბიჯი იქნებოდა. საუკუნოვანი ურთიერთობის დანგრევისკენ მიმართულ ბინძურ პროვოკაციაში დამნაშვეებმა აუცილებლად უნდა აგონ პასუხი, აუცილებელი სასჯელით. ბოდიში უნდა მოიხადონ", — აცხადებს ოკუპანტი ქვეყნის კომუნისტი დეპუტატი.

20 ივნისის მოვლენებიდან 1 წელი გავიდა. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ დილით საზოგადოებამ პირდაპირ ეთერში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამში ოკუპანტი ქვეყნის კომუნისტი დეპუტატი იხილა. სწორედ აქედან დაიწყო მშვიდობიანი პროტესტი, რასაც მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ჩაშლა მოჰყვა, გავრილოვს კი ქვეყნის დატოვება მოუხდა.

პროტესტი პარლამენტთან გაგრძელდა. მთავარი მოთხოვნა პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გადადგომა იყო, რომელიც აწერდა ხელს ასამბლეის დღის წესრიგს. მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეების მცირე ნაწილმა გააჟღერა მოთხოვნები პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით, მათსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. მოქალაქეების დიდი ნაწილი ამ პროცესში ჩართული არ ყოფილა. ხელისუფლებამ სპეცრაზმი გამოიყვანა, ისე, რომ ამის შესახებ ტერიტორიაზე შეკრებილი ადამიანები არ გააფრთხილა. გამოიყენეს რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი. შედეგად, რამდენიმე მოქალაქემ თვალი, ზოგმა კი მხედველობა დაკარგა. დაშავდა დაახლოებით 240 ადამიანი, მათ შორის, ჟურნალისტები.

გამოძიება ორი მიმართულებით მიმდინარეობს: ერთში აქციის მონაწილეებს პარლამენტში შეჭრას ედავებიან, მეორეში კი, სამართალდამცავებს ძალის გადამეტებას.