ციმბირის ერთ პატარა ქალაქში ტემპერატურამ 20 ივნისს თითქმის 38 გრადუს ცელსიუსს მიაღწია, რაც არქტიკული წრის ჩრდილოეთ ნაწილისთვის რეკორდული მაჩვენებელია.

ბოლო თვეების განმავლობაში რუსეთის ამ რეგიონში ტემპერატურა მნიშვნელოვნად გაიზარდა, ეს კი კლიმატის ცვლილებების შედეგია, რომელმაც არქტიკული წრის ამინდი მნიშვნელოვნად შეცვალა.

ქალაქი ვერხოიანსკი დედამიწაზე ერთ-ერთი ყველაზე ცივი ადგილია, სადაც გასულ ნოემბერს ტემპერატურა დაახლოებით -60 გრადუს ცელსიუსამდე დაეცა.

20 ივნისამდე ციმბირი უკვე განიცდიდა რეკორდულ დათბობას. აქ მიმდინარე წლის მაისში ჩვეულ ტემპერატურაზე 10 გრადუსით მეტი დაფიქსირდა და შედეგად 1979 წლიდან მოყოლებული (როდესაც ჩანაწერების კეთება დაიწყო) ციმბირში ყველაზე ცხელ მაისად იქცა.

"ეს ნამდვილად შემაშფოთებელი რიცხვებია, თუმცა ამ რეგიონში უჩვეულოდ თბილი მხოლოდ მაისი არ ყოფილა — მთელი ზამთრისა და გაზაფხულის განმავლობაში ტემპერატურის მატების პერიოდები მუდმივად ფიქსირდებოდა", — განაცხადა კოპერნიკის კლიმატის ცვლილების სამსახურის მეცნიერმა ფრეია ვამბორგმა.

მკვლევართა თქმით, იანვრიდან მაისამდე პერიოდში რუსეთში დაფიქსირებული ტემპერატურა ზუსტად ემთხვევა იმ მოდელს, რომლის მიხედვითაც, თუკი ნახშირბადის გამოყოფა ისეთი ტემპებით გაგრძელდება, როგორც ახლა, 2100 წლისთვის რეგიონში მსგავსი ტემპერატურა ნორმად ჩაითვლება.

"არქტიკა დედამიწის დანარჩენ ნაწილებთან შედარებით უფრო სწრაფად თბება. ამ ფენომენს პოლარულ ამპლიფიკაციას უწოდებენ და მაღალი ტემპერატურის გამო იგი სამომავლოდ წყალში მდებარე ყინულებს საერთოდ გააქრობს", — განაცხადა ერთ-ერთმა მკვლევარმა.