აშშ-ს დემოკრატი საპრეზიდენტო კანდიდატის ჯო ბაიდენის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მრჩეველს, მაიკლ კარპენტერს მიაჩნია, რომ მთავარი არხის მეწილი, გიორგი რურუა უნდა გათავისუფლდეს და მის პარტიას არჩევნებში მონაწილეობის საშუალება შემაკავებელი ფაქტორების გარეშე უნდა მიეცეს. კარპენტერს არ დაუკონკრეტებია რურუას რომელ პარტიას მიაკუთვნებს.

"მე ვნახე ბატონი რურუას წინააღმდეგ არსებული ბრალდებები. თქვენ შეგიძლიათ დაიჯეროთ ან არ დაიჯეროთ ამ ბრალდებების სიმართლე. მე მიმაჩნია, რომ მმართველმა პარტიამ ის უნდა გაათავისუფლოს და მას და მის პარტიას შემაკავებელი ფაქტორების გარეშე მისცეს არჩევნებში მონაწილეობის საშუალება. მმართველ პარტიას ბევრი პოზიტიური რამ აქვს ხალხისთვის სათქმელი", — განაცხადა კარპენტერმა ამერიკის ხმასთან.

კარპენტერის თქმით, საქართველოს მთავრობამ კორონავირუსის პანდემიას თავი კარგად გაართვა და შეუძლია ეს მიღწევა საარჩევნო პლატფორმად გამოიყენონ, თუმცა არ უნდა იყოს შეფარული ძალისხმევა, რომ ადამიანებს არჩევნებში მონაწილეობაში ხელი შეეშალოთ.

გიორგი რურუა ერთ-ერთია იმ პატიმრებს შორის, რომლის გათავისუფლებასაც ოპოზიცია 8 მარტის შეთანხმების ფარგლებში მოითხოვდა. ნაციონალური მოძრაობა და ევროპული საქართველო აცხადებენ, რომ ის პოლიტიკური ნიშნითაა დაკავებული და მისი გათავისუფლების გარეშე საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერენ.

გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით დააკავეს, ბრალს არ აღიარებს. მისი უფლებადამცველი და პარტნიორი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ გიორგი რურუას იარაღი ჩაუდეს. დაკავებული ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ იარაღი მას საერთოდ არ უნახავს.

მოგვიანებით პროკურატურამ გიორგი რურუას ბრალი დაუმძიმა. პროკურატურის განცხადებით, ბრალს დაემატება ახალი მუხლი სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობისა და მისი შესრულებისათვის ხელის შეშლის შესახებ. ბრალდების მხარე აცხადებს, რომ გიორგი რურუამ უარი განაცხადა სასამართლოს განჩინების მიხედვით დნმ-სა და ხელის კვლევების ნიმუშის აღების თაობაზე. მიმდინარე წლის 15 იანვარს კი გამომძიებელმა განაცხადა, რომ რურუასგან დნმ-ის ნიმუში ნებაყოფლობით აიღეს.