ევროპული საქართველოს დეპუტატის, ხათუნა გოგორიშვილის განცხადებით, აჭარის ტელევიზიის ყოფილი დირექტორის, ნათია კაპანაძის კანდიდატურას საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრობისთვის კენჭისყრაზე ვეღარ წარადგენენ. მისი განმარტებით, ამის მიზეზი ის არის, რომ კაპანაძემ ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ დააგროვა.

როგორც გოგორიშვილმა On.ge-ს განუცხადა, 3-მა კანდიდატმა: ზაზა აბაშიძემ, ბონდო მძინარაშვილმა და დოდო შონავამ მოაგროვეს უმრავლესობის გარეთ დარჩენილი დეპუტატების ხმათა საჭირო რაოდენობა — 14, კაპანაძეს კი 13 ხმა აქვს. მისი თქმით, იმედი ჰქონდათ, რომ მე-14 ხმა დეპუტატ გიგა ბუკიასი იქნებოდა, თუმცა მან პროცესში მონაწილეობაზე უარი თქვა.

"უმრავლესობის გარეთ მყოფი დეპუტატების 1/4 არის მინიმალური რაოდენობა ხელმომწერებისა, რაც უნდა ჰქონდეს თითო კანდიდატს. ამჟამად უმრავლესობის გარეთ 56 დეპუტატია, 1/4 ზუსტად იყოფა ოთხზე და გამოდის, რომ თითო კანდიდატს უნდა 14 ხელმოწერა. ამათგან 14 ხელმოწერა უკვე აქვს ზაზა აბაშიძეს, დოდო შონავას, ბონდო მძინარაშვილს და ნათია კაპანაძეზე მოვაგროვეთ 13 ხელმოწერა. გვინდოდა მე-14 ხელმოწერა, მაგრამ სამწუხაროდ ისე მოხდა, რომ ბუკია პრინციპული მოსაზრების გამო არ ღებულობს ამ პროცესში მონაწილეობას და არცერთ კანდიდატს უჭერს მხარს", — განმარტა მან.

გოგორიშვილის ამბობს, რომ კაპანაძის კანდიდატურის კენჭისყრაზე გასაყვანად სხვა გზა არ არსებობს, რადგან დეპუტატების რაოდენობა ზუსტად არის გაყოფილი და უკვე მიცემული ხმის შეცვლაც არ შეიძლება.

"57 რომ ყოფილიყო უმრავლესობის გარეთ, შეიძლებოდა რომ ვიღაცა დარჩენილიყო, ვინც ამ პროცესში არ მონაწილეობს, მაგრამ 56 ვართ და ყველამ ვიღაც კანდიდატზე უნდა მოაწეროს ხელი. ხელმოწერის შეცვლა თეორიულადაც არ შეიძლება, რადგან უკვე დარეგისტრირებულია კანდიდატი", — განაცხადა მან.

ზაზა აბაშიძის, დოდო შონავას და ბონდო მძინარაშვილის გარდა, სასოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრად მეოთხე კანდიდატი გია მურღულიაც არის წარდგენილი. თუმცა ის უმრავლესობის კვოტითაა და 14 ხელმომწერი მის კანდიდატურას არ ჭირდებოდა.

რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, ზაზა აბაშიძეს ევროპული საქართველოს დეპუტატებმა დაუჭირეს მხარი; დოდო შონავას დამოუკიდებელმა დეპუტატებმა, ბონდო მძინარაშვილს კი პატრიოტთა ალიანსის წევრებმა და რამდენიმე დამოუკიდებელმა დეპუტატმა.

On.ge-ს ინფორმაციით, ობიექტივის რედაქტორის, მძინარაშვილის მხარდამჭერებს შორის არიან დამოუკიდებელი დეპუტატები: გიორგი მოსიძე, მარიამ ჯაში და დავით ჭიჭინაძე. ჩვენ ვცდილობთ მათთან გადამოწმებას, რა კრიტერიუმებით შეარჩიეს მძინარაშვილი, თუმცა დეპუტატები ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ.