2020 წელს დაგეგმილ პრემიერებს შორის Soul ის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და დამაინტრიგებელი ანიმაციაა, რომლის ხილვასაც განსაკუთრებულად ველით.

ახალი ანიმაციის შექმნაზე ყველასათვის კარგად ნაცნობი კომპანიები Disney და Pixar მუშაობდნენ, რაც ანიმაციების მოყვარულებს თავიდანვე აძლევს იმის გარანტს, რომ მომავალი სანახაობისგან იმედგაცრუებას ყველაზე ნაკლებად უნდა ელოდნენ.

ამის დასადასტურებლად ცოტა ხნის წინ Soul-ის ახალი ტრეილერი გავრცელდა:

ახალი ანიმაციის სიუჟეტური ხაზი მთლიანად ადამიანის იდენტობის ირგვლივაა აგებული, რაზეც თითოეულ ჩვენგანს სიცოცხლის განმავლობაში მრავალჯერ გვიფიქრია და საკუთარი თავისთვის კითხვებიც დაგვისვამს. ისტორიის მთავარი გმირი სკოლის მასწავლებელი ჯო გარდნერია, რომლის ოცნებაც ჯაზის ვარსკვლავად ქცევაა, თუმცა მისი ცხოვრება მოულოდნელი შემთხვევის გამო მთლიანად იცვლება.

"შენი ძვირფასი დრო იმისთვის გამოიყენე, რომ საკუთარი თავი — შენი ბრწყინვალე, ცეცხლოვანი შინაგანი სამყარო ბოლომდე გამოხატო და ამ სამყაროს რაღაც ღირებული შესძინო. მოემზადე, შენი ცხოვრება იწყება", — ამბობს ჯო გარდნერი ტრეილერში.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ეს Pixar-ის პირველი ანიმაცია იქნება, რომლის მთავარი გმირიც შავკანიანია.

ფოტო: Pixar

Soul-ის რეჟისორი პიტ დოქტერია, რომელსაც მანამდე ისეთი ცნობილი ანიმაციები შეუქმნია, როგორებიცაა Up და Inside Out: ორივე პროექტი სხვადასხვა დროს ოსკარების დაჯილდოებაზე წლის საუკეთესო ანიმაციად დასახელდა.

დისნეისა და პიქსარის ურთიერთთანამშრომლობით ბოლო წლებში შექმნილი ისეთი ანიმაციები, როგორებიცაა Coco და Toy Story 4, ოსკარების ტრიუმფატორი პროექტები აღმოჩნდა, შესაბამისად, თამამად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მომავალი წლის დაჯილდოებაზეც ამერიკის კინოაკადემიის ფავორიტი სწორედ ამ კომპანიების წარმოებული პროექტები გახდება.

წელს უკვე შედგა პიქსარის ერთი ახალი ანიმაციის, Onward-ის პრემიერა, Soul-ის ხილვას კი მაყურებლები, თუ არაფერი შეიცვალა, ნოემბერში შეძლებენ.