ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა ამბობს, რომ კორონავირუსის მეორე ტალღის მოლოდინში ფრენებს "სტიქიურად" ვერ გახსნიან, თუმცა ჩარტერული ფრენები ისეთი რეგულარობით იქნება, რომ ყველასთვის კომფორტული იქნება.

მისივე თქმით, საქართველო ევროკავშირის იმ ქვეყნების სიაში მოხვდა, რომლებისთვისაც მათი საზღვრები გაიხსნება. თუმცა მისი განმარტებით, სიაში იმ პირობით დარჩებიან, თუ კვლავინდებურად ეფექტურად დაიცავენ მოსახლეობას და ვიზიტორებს და გადაწყვეტილებებსაც აქედან გამომდინარე მიიღებენ.

"არც ერთ ვარიანტში არ მივიღებთ უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებას, რომ ახლავე, უახლოეს დღეებში სტიქიურად, როდესაც მთელი მსოფლიო მეორე ტალღის მოლოდინშია, გავხსნათ ფრენები. 600 ფრენა გვქონდა კვირაში შარშან, რაც ძალიან კარგი იყო და ტურიზმი ვითარდებოდა, მაგრამ წელს ეს აბსოლუტურად არაადეკვატური გადაწყვეტილება იქნება. მაგრამ ისეთი დოზით და რეგულარობით გვექნება ჩარტერები, რომ ეს პრაქტიკულად იქნება ძალიან კომფორტული ჩვენი მოქალაქეებისთვის, ევროკავშირის მოქალაქეებისთვის და სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის", — განაცხადა თურნავამ.