8 სერია, რომელიც სერიალისგან დამოუკიდებლადაც შედევრია
ბოლო წლებში სერიალები განსაკუთრებით პოპულარული გახდა, რისი საიდუმლოც მათი ყურების სიმარტივეში უნდა იმალებოდეს. ერთი მხრივ, ეპიზოდების ხანმოკლეობა მაყურებელს ამოსუნთქვის შესაძლებლობას აძლევს, განგრძობითობა კი, ფილმებისგან განსხვავებით, აჩენს შესაძლებლობას, რომ სერიალს სხვა საქმის კეთების პარალელურად უყურო თავისუფალ დროს და მალევე არ მოგიწიოს რაღაც ახლის ძებნა.
მიუხედავად ამისა, არსებობს ისეთი სერიები, რომლებიც სერიალისგან დამოუკიდებლადაც შედევრებს წარმოადგენს და მათი გენიალურობით დასატკბობად ან საერთოდ არაა საჭირო სერიალის კონტექსტის ცოდნა, ან მხოლოდ მინიმალურად.
გთავაზობთ 8 სერიას, რომელიც ასეთი თვითკმარობით გამოირჩევა და მათი ნახვა ნებისმიერს შეუძლია, განურჩევლად იმისა, უყვარს თუ არა სერიალები.
1. Fargo, სეზონი 1-ლი, ეპიზოდი 1-ლი
შავი კომედიისა და კრიმინალური დრამის ანთოლოგიათა სერია Fargo ძმები კოენების ამავე სახელწოდების 1996 წლის ფილმის შთაგონებითაა შექმნილი. სერიალში მოშორებულია ორიგინალის პერსონაჟები და სიუჟეტი, თუმცა შენარჩუნებულია კოენების ესთეტიკის მთელი ხიბლი და ძმებისთვის ჩვეული ბოროტების ფსიქოლოგიურ და ფილოსოფიურ საწყისებში თავით გადაშვების უშიშროება.
Fargo-ს პირველი სეზონის პირველი ეპიზოდი "The Crocodile's Dilemma"-ს თავისუფლად შეიძლება ეწოდოს ერთ-ერთი საუკეთესო პირველი სერია სერიალების ისტორიაში.
ეპიზოდი დიდწილად ორი პერსონაჟის ამბის გარშემო ტრიალებს: მალვო, რომელიც მტკიცე პრინციპების მქონე ბოროტების ნამდვილ ხორცშესხმას წარმოადგენს, და ლესტერი, რომლისგანაც წარუმატებელი და უსუსური შუა ხნის კაცის ხატია შექმნილი. სერიის პირველი ნახევრის განმავლობაში მაყურებელი ამ უკანასკნელს თანაუგრძნობს და მისი კარგად ესმის, თუმცა ბოლო 20 წუთში დატრიალებული საშინელება შლის ზღვარს ანტიგმირსა და პროტაგონისტს შორის და გვაფიქრებს, თუ რა არის სინამდვილეში ბოროტება.
მართალია, ზოგადად, პირველი ეპიზოდისთვის არცაა საჭირო სერიალის ზოგადი კონტექსტი, მაგრამ "The Crocodile's Dilemma"-ს მთელი გენიალურობა იმ თვითკმარობაში მდგომარეობს, რომ ის გაგრძელების არარსებობის პირობებშიც სულისშემძვრელ სრულმეტრაჟიან ფილმად დარჩებოდა.
2. Community, სეზონი 1-ლი, ეპიზოდი 23-ე
Rick and Morty-ს თავკაცის, დენ ჰარმონის, 2009-2015 წლების პროექტი Community ამერიკული სიტკომების თვალსაჩინო წარმომადგენელია. სერიალს სწრაფი ტემპისა და მახვილგონივრული იუმორის გარდა გამოარჩევს ისიც, რომ მას ხშირად სჩვევია თავისი კომფორტის ზონიდან გამოსვლა და ცალკეული ეპიზოდის სრულიად სხვა სტილსა და მოცემულობაში გადაღება.
ასეთია პირველი სეზონის 23-ე სერია "Modern Warfare", რომელიც ეძღვნება გრინდეილის კოლეჯში გამართულ პეინტბოლის ჩემპიონატს, რომლის პრიზიც ყველა სტუდენტისთვის სანუკვარია — გამარჯვებული მიიღებს რეგისტრაციის პრიორიტეტს, ანუ ის შეძლებს, პირველმა აირჩიოს საგნები შემდეგი სემესტრისთვის. სიტუაცია მალევე გამოვა მწყობრიდან და კოლეჯის ტერიტორია გარდაიქმნება გაუდაბურებულ, პოსტ-აპოკალიფსურ საომარ ველად.
ეს ეპიზოდი საუკეთესოდ იმეორებს და აშარჟებს ე.წ. ექშენ ფილმების არაერთ ტროპსა და კლიშეს. სერიალის მთავარი პროტაგონისტები ძალადობისა და საბრძოლო მოქმედებების ქარცეცხლში ექცევიან, ალბათობა კი მათ წინააღმდეგაა. დრამატული მუსიკა კომიკურ მოცემულობას მძაფრსიუჟეტიანობას სძენს და მცირეოდენი ჰორორის ელემენტიც შემოაქვს, ის ფაქტი კი, რომ ბრძოლა სინამდვილეში პეინტბოლის იარაღებით მიდის და არავინ შავდება, ჰიპერბოლიზებულ განშორებებს კიდევ უფრო სასაცილოს ხდის.
ეპიზოდში ვხვდებით არაერთ საკულტო ექშენ ელემენტს: შენელებული კადრები არარეალური აკრობატიკით, დროებითი ალიანსები და დაპირისპირება მეგობრებს შორის, არქეტიპული გმირების ღამის საუბრები კოცონთან და თავგანწირვა, "დაჭრილი ჯარისკაცის ფანტაზია", შეთქმულება, ღალატი და მოპარული მჭიდი, მთავარი ბოროტმოქმედის გამოჩენა და იარაღების უწყვეტი ჯერი (რომელიც, რა თქმა უნდა, არავის ხვდება), ეპიზოდის მიწურულს კი, ცხადია, გმირის უკანასკნელი თავსატეხისთვის განკუთვნილი მოულოდნელი დასასრული: მომაკვდავი ბოროტმოქმედის შემზარავი სიცილი უკანასკნელი საჩუქრით.
3. BoJack Horseman, სეზონი მე-5, ეპიზოდი მე-6
BoJack Horseman-ის მაყურებლებს მისი ამ სიაში მოხვედრა ნამდვილად არ გაუკვირდებათ. ანიმაციურმა სერიალმა არაერთი ორიგინალური, სიბნელითა და ტრაგედიით გაჯერებული ეპიზოდით დაგვამახსოვრა თავი, თუმცა მათგან ყველაზე გამორჩეული მე-5 სეზონის მე-6 ეპიზოდია.
"Free Churro"-ში მთავარი პერსონაჟი დედის დაკრძალვაზე გამოდის სიტყვით. ეს უდავოდ შედევრული 20-წუთიანი მონოლოგი, რომლის განმავლობაშიც კამერა მთლიანად მთავარ გმირზეა კონცენტრირებული და დაკრძალვაზე დამსწრეებისკენ არც კი იხედება, ტრაგიკომიკურ სთენდაფს ჰგავს და აერთიანებს გმირის ბავშვობის ტრავმებს, ოჯახის წევრებისგან მიღებულ შეურაცხყოფასა და ინდიფერენტულობას, თაობათა შორის "ხიდჩატეხილობის" პრობლემებს და მათგან დატოვებულ დეპრესიას, ტკივილსა და სიცარიელეს, რომელიც მშობლებისა და საკუთარი თავისადმი სიძულვილით საზრდოობს.
ბოჯეკი ახერხებს, გარდაცვლილის ცხოვრებაზე საუბრის მთავარ თემად საკუთარი თავი აქციოს, ხოლო სარკაზმი და ხუმრობები, რომლებიც უსიცოცხლოდ მწოლიარე დედას მიემართება, მათი საშინელი ურთიერთობის კონტექსტის გათვალისწინებითაც კი არ კარგავს შემაძრწუნებლობას, რასაც ეპიზოდის მიწურულს ემატება ანიმაციური სერიალისთვის დამახასიათებელი ბნელი ფანჩლაინი.
4. Atlanta, სეზონი მე-2, ეპიზოდი მე-6
ამერიკელი მსახიობისა და მომღერლის, დონალდ გლოვერის (ასევე ცნობილი სასცენო სახელით Childish Gambino), მიერ შექმნილი Atlanta იმ ახალგაზრდა რეპერების ცხოვრებაზეა, რომლებიც ბიზნესში სახელის მოხვეჭას ცდილობენ. მიუხედავად ამისა, სერიალის მეორე სეზონის მე-6 ეპიზოდი "Teddy Perkins" უგულებელყოფს ჟანრს და გვთავაზობს სრულიად გასაოცარ, ძალიან უცნაურ გამოცდილებას, რომელიც, ალბათ, ყველაზე მეტად ერგება ამ სიას.
ეპიზოდი ეთმობა ცალკეულ ისტორიას, როდესაც სერიალის ერთ-ერთი პერსონაჟი, დარიუსი, დიდ მემამულის სახლში მიდის ძვირადღირებული პიანინოს წამოსაღებად.
სახლის პირველად გამოჩენისთანავე აშკარაა, რომ სერია ჰორორის ჟანრის ელემენტებით იქნება დატვირთული: მკრთალად განათებული სახლი და მისი ბინადარი, არანაკლებ ფერმკრთალი ტედი პერკინსი, რომელსაც კანის უცნაური დაავადება სჭირს, მაყურებელს ჟრუანტელს ჰგვრის. ამას ემატება მისი ავადმყოფური, ხანდახან აბსურდული საუბარი და ქცევა, რომელიც რეალურობასა და ირეალურობას შორის გადებულ ბეწვის ხიდზე გადის.
ეპიზოდის განმავლობაში ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ ტედი სერიული მკვლელია პიროვნების გაორებით და დარიუსს დიდი საფრთხე ემუქრება, სერიის ბოლოს კი მოულოდნელი ტრაგედია ტრიალდება.
5. Horace and Pete, სეზონი 1-ლი, ეპიზოდი მე-3
Horace and Pete ამერიკელი სთენდაფ-კომიკოსის, ლუის სი ქეის (ინგლ. Louis C.K.), შექმნილი სერიალია, რომლის მთავარი მოქმედებაც ვითარდება ამავე სახელწოდების ბარში. ჩვენი სიისთვის რელევანტურია სერიალის მე-3 ეპიზოდი, რომელიც თავის გამორჩეულობას თავიდანვე ცხადყოფს: ის იწყება აქამდე უცნობი ქალი პერსონაჟის (რომლის როლსაც ლორი მეტკალფი ასრულებს) 9-წუთიანი უწყვეტი კადრით, რომელიც მთლიანად პერსონაჟის მონოლოგია იმაზე, თუ როგორ დაუახლოვდა ის ინტიმურად ქმრის ხანდაზმულ მამას, როდესაც მის ოჯახთან რჩებოდა სახლში.
მალევე ირკვევა, რომ ეს ქალი, ცარიელი ბარის მაგიდასთან მჯდომი, ჰორასს ესაუბრება (რომლის როლსაც ლუი სი ქეი ასრულებს) და მისი ყოფილი ცოლი სარაა. მისი აღსარება ცოდვების მონანიებას ან გაკიცხვის მიღების სურვილს არ ემსახურება. ერთადერთი, რისი გაგებაც სარას სურს, ისაა, თუ რა იგრძნო ჰორასმა მაშინ, როდესაც თვითონ უღალატა მის დასთან.
დიალოგი მტკივნეული გულწრფელობის 40 წუთია, რომელიც დაცლილია რჩევებისგან, დაძრახვისა თუ ყოფილ პარტნიორთან ჩხუბისგან: ის, უბრალოდ, იმ ორი ადამიანის თავისუფალი საუბარია, რომლებსაც ოდესღაც ერთმანეთი უყვარდათ, თვითგანადგურების ერთი და იგივე მცდელობა გამოუვლიათ და სჭირდებათ ამ გრძნობის გაზიარება.
6. Better Call Saul, სეზონი მე-5, ეპიზოდი მე-8
შენიშვნა: ტექსტი შეიცავს ახლახან გამოსული მე-5 სეზონიდან სპოილერებს.
სერიალების მოყვარულთათვის ძალიან კარგად ნაცნობი Breaking Bad-ის სპინ-ოფი Better Call Saul მისი ერთ-ერთი მეორეხარისხოვანი პერსონაჟის, ადვოკატი სოლ გუდმანის, ისტორიას მოგვითხრობს.
შოუმ ნელ-ნელა მოახერხა, თავი დაეღწია მისი ბუმბერაზი თანამოძმის მარწუხებისგან და სრულფასოვან, დამოუკიდებელ პროექტად ქცეულიყო, რომელიც ინარჩუნებს Breaking Bad-ის სტილს, მაგრამ ამ უკანასკნელის ნახვის გარეშეც იძლევა მისით თავისუფლად ტკბობის საშუალებას. მეტიც, სერიალის ბოლო, მეხუთე, სეზონი მაყურებელს იმაზეც კი აფიქრებს, რომ სპინ-ოფი არათუ არ ჩამოუვარდება მძიმე დანაშაულს, არამედ შეიძლება, მასზე უკეთესიც იყოს.
ეს შეგრძნება პირველად მეოთხე სეზონის მოულოდნელმა დასასრულმა გააჩინა, რომელშიც სერიალი სრულიად ახალ დონეზე ავიდა, მეხუთე სეზონში კი ეს კიდევ არაერთხელ დადასტურდა. ასეთი შემთხვევაა მე-8 ეპიზოდი "Bagman", რომელშიც ორი მამაკაცი უმწეოდაა გამომწყვდეული ნიუ-მექსიკოს უდაბნოს უზარმაზარ უკაცრიელებაში და გადარჩენისთვის იბრძვის. დამწვარ და გაუწყლოებულ გმირებს ტანჯვა და გამოფიტულობა თვითანალიზისკენ უბიძგებს და იმაზე აფიქრებს, თუ რისთვის უღირთ სიცოცხლე და რაზე არიან ისინი წამსვლელები მის შესანარჩუნებლად.
7. Watchmen, სეზონი 1-ლი, ეპიზოდი მე-8
ალან მურის კომიქსების შეზღუდული სერია დარაჯები (ინგლ. Watchmen), რომელიც DC Comics-მა გამოსცა 1986-1987 წლებში, მალევე იქცა ჟანრის საკულტო ნამუშევრად და დღემდე ერთ-ერთ საუკეთესო გრაფიკულ ნოველადაა აღიარებული. 2009 წელს ზაკ სნაიდერმა კომიქსების ეს სერია ფილმად გარდაქმნა, რამდენადმე სახეცვლილი დასასრულით, 2019 წელს კი ამავე კომიქსებზე დაფუძნებით გამოვიდა სერიალი, რომელიც ალან მურის კომიქსების ორიგინალი დასასრულის გათვალისწინებით აგრძელებს ამბავს მასში მოთხრობილი მოვლენებიდან 34 წლის შემდეგ.
სერიალში დამატებული კულტურული კონტექსტის ახალი შრეები და სრულიად ახალი პერსონაჟები კომიქსის მოყვარული მაყურებლებისთვის თავდაპირველად ცოტათი დამაბნეველი იყო და ორიგინალთან შეუთავსებლობის განცდას ტოვებდა, თუმცა სერიალმა მთავარი კვანძის გახსნასთან ერთად მალევე აჩვენა, რომ კვერცხი ნაჭუჭით არ უნდა შეაფასო და რომ ის გრაფიკული ნოველის ნამდვილად ღირსეულ გაგრძელებას წარმოადგენდა.
განსაკუთრებით აღსანიშნავია სერიალის მე-8 ეპიზოდი "A God Walks Into Abar" (სათაურში გადათამაშებულია მთავარი პერსონაჟის გვარი "აბარი"), რომელშიც ლურჯკანიანმა ღმერთკაცმა დაგვიმტკიცა, რომ რომანტიულ ფიქაფებშიც არანაკლებ ყოვლისშემძლეა. ეპიზოდის მთავარი ხაზი სერიალის მოვლენებიდან 10 წლით ადრე, ვიეტნამის ერთ-ერთ ბარში ვითარდება, სადაც შედის დოქტორი მანჰეტენი და ფარდას ხდის ღმერთის გაადამიანების ერთადერთ გზას — სიყვარულს.
ეპიზოდი სამყაროს აღსასრულის შიშისა და პოლიტიკური დაპირისპირებების ფონზე წარმოგვიდგენს ორი ადამიანის გულწრფელი სიყვარულის ულამაზეს ისტორიას, რომელიც ხელიხელ ნაგოგმანები დიალოგებით, ზომიერად სარკასტული, გამჭრიახი იუმორითა და განსხვავებულ დროებს შორის მომთაბარეობის საუცხოოდ შერწყმული გადასვლებითაა მოთხრობილი.
8. Lost, სეზონი მე-4, ეპიზოდი მე-5
Lost-მა წლების განმავლობაში მაყურებელს თავი შეაყვარა ორიგინალური სცენარით, ძალიან რეალური პერსონაჟების სიმდიდრითა და უნიკალური მითოლოგიით. სერიალი ხშირად უთმობს დროს ცალკეულ პერსონაჟებს და მათ წარსულს, ამის ერთ-ერთ საუკეთესო გამოვლინებას კი უდავოდ წარმოადგენს მეოთხე სეზონის მეხუთე ეპიზოდი "The Constant" ("მუდმივა"): ელექტრომაგნიტური ენერგიის ჭარბი დოზის გავლენით ეპიზოდის მთავარი გმირის, დესმონდის, ცნობიერება დახეტიალობს დროსა და სივრცეში და ის ნელ-ნელა კარგავს საკუთარ თავს.
გადასარჩენად მას სჭირდება რაიმე მუდმივა: ისეთი "რაღაც, რაც ნაცნობია ორივე დროში" და შეაკავშირებს მის აწმყოსა და წარსულს. აღსანიშნავია, რომ ამ სერიის ავტორია დეიმონ ლინდელოფი, რომლის კალამსაც ასევე ეკუთვნის სიაში ამ ეპიზოდის წინამორბედი "A God Walks Into Abar". ეს ორი სერია ძალიან ჰგავს ერთმანეთს და დროისა და სიყვარულის პარადოქსს ეთმობა, თუმცა ერთი მონეტის ორ სხვადასხვა მხარეს წარმოადგენს: დესმონდის მუდმივა ხდება მისი შეყვარებული პენელოპა, რომელიც მას საკუთარი თავის გახსენებაში ეხმარება, დარაჯების შემთხვევაში კი დოქტორი მანჰეტენი სიყვარულის სანაცვლოდ საკუთარ თავს ივიწყებს.
მართალია, ეს ეპიზოდი მისით ბოლომდე დასატკბობად სიის სხვა წარმომადგენლებთან შედარებით ყველაზე მეტად საჭიროებს სერიალის კონტექსტს, თუმცა მისი ამ სიაში არშეყვანა დაკარგული შესაძლებლობა იქნებოდა (pun intended).
-
გადახედვა5 მწერალი, რომელმაც პოპულარული ნაწარმოების დაწერა ინანა 5 მწერალი, რომელმაც პოპულარული ნაწარმოების დაწერა ინანა
-
გადახედვაბრაზილიაში 9 000 წლის წინ შექმნილი ხელოვნების ნიმუში აღმოაჩინეს ბრაზილიაში 9 000 წლის წინ შექმნილი ხელოვნების ნიმუში აღმოაჩინეს
-
გადახედვათბილისი პრაიდი: რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია! თბილისი პრაიდი: რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია!
-
გადახედვამთვარეზე თავდაყირა დამჯდარი იაპონური აპარატი მეორე ღამესაც გადაურჩა მთვარეზე თავდაყირა დამჯდარი იაპონური აპარატი მეორე ღამესაც გადაურჩა
-
გადახედვადააკავეს სამართალდამცავი, რომელიც ცოლზე ფიზიკურად ძალადობდა, მათ შორის — არასრულწლოვანის თანდასწრებითაც დააკავეს სამართალდამცავი, რომელიც ცოლზე ფიზიკურად ძალადობდა, მათ შორის — არასრულწლოვანის თანდასწრებითაც
-
გადახედვა1500 წლის წინანდელი დნმ-ის წყალობით ჩინეთის იმპერატორის გარეგნობა გამოავლინეს 1500 წლის წინანდელი დნმ-ის წყალობით ჩინეთის იმპერატორის გარეგნობა გამოავლინეს
-
გადახედვაკობახიძე: ბატონ ბიძინა ივანიშვილთან მაქვს რეგულარული სატელეფონო კომუნიკაცია კობახიძე: ბატონ ბიძინა ივანიშვილთან მაქვს რეგულარული სატელეფონო კომუნიკაცია
-
გადახედვაისტორიაში პირველად, პაპმა ფეხთბანვის რიტუალი მხოლოდ ქალების მონაწილეობით ჩაატარა ისტორიაში პირველად, პაპმა ფეხთბანვის რიტუალი მხოლოდ ქალების მონაწილეობით ჩაატარა
-
გადახედვაშაქრო კალაშოვმა ციხე დატოვა შაქრო კალაშოვმა ციხე დატოვა
-
გადახედვასუს-მა, ქრთამის აღების ფაქტზე, ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ-ის 3 ყოფილი თანამშრომელი დააკავა სუს-მა, ქრთამის აღების ფაქტზე, ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ-ის 3 ყოფილი თანამშრომელი დააკავა
-
-
გადახედვაბეთჰოვენის დნმ-ში განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭი არ გამოვლინდა — რას ნიშნავს ეს ბეთჰოვენის დნმ-ში განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭი არ გამოვლინდა — რას ნიშნავს ეს
-
გადახედვაGeorgian Airways, ევრო 2024-ზე დასწრების მსურველებისთვის, გერმანიის მიმართულებით, პირდაპირ ფრენებს შეასრულებს Georgian Airways, ევრო 2024-ზე დასწრების მსურველებისთვის, გერმანიის მიმართულებით, პირდაპირ ფრენებს შეასრულებს
-
გადახედვაკალაძე მელიასა და გვარამიაზე: ბოროტების და რადიკალიზმის ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის კალაძე მელიასა და გვარამიაზე: ბოროტების და რადიკალიზმის ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის
-
გადახედვაორსულების დიეტა ნაყოფის სახის მახასიათებლებზე მოქმედებს — კვლევა ორსულების დიეტა ნაყოფის სახის მახასიათებლებზე მოქმედებს — კვლევა
-
გადახედვაComcom-მა დათვალა, რამდენმა ადამიანმა უყურა საქართველო-საბერძნეთის მატჩს პირველ არხზე Comcom-მა დათვალა, რამდენმა ადამიანმა უყურა საქართველო-საბერძნეთის მატჩს პირველ არხზე
-
გადახედვანახეთ: როგორ ჩანს დედამიწაზე სეზონების ცვლილება კოსმოსიდან ნახეთ: როგორ ჩანს დედამიწაზე სეზონების ცვლილება კოსმოსიდან
-
გადახედვასომხეთში სოლოვიოვის პროპაგანდისტული გადაცემების ტრანსლირება აიკრძალა სომხეთში სოლოვიოვის პროპაგანდისტული გადაცემების ტრანსლირება აიკრძალა
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას
-
გადახედვაბჟანიას გადადგომის მოთხოვნით სოხუმში აქტივისტი შიმშილობს ბჟანიას გადადგომის მოთხოვნით სოხუმში აქტივისტი შიმშილობს
-
გადახედვათბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შრომითი უფლებების დარღვევა გამოვლინდა - კულტურის პროფკავშირი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შრომითი უფლებების დარღვევა გამოვლინდა - კულტურის პროფკავშირი
კომენტარები