ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი ამტკიცებს, რომ ქვეყანამ კორონავირუსთან "ბრწყინვალე წარმატებას" მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ჩრდილო კორეის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, კიმ ჩენ ინმა ამის შესახებ პოლიტბიუროს სხდომისას ისაუბრა და აღნიშნა, რომ ვირუსის დაძლევა "პარტიის ცენტრალური კომიტეტის შორსმჭვრეტელი ხელმძღვანელობის" დამსახურებაა.

"ქვეყანამ ხელი შეუშალა ავთვისებიანი ვირუსის შეჭრას და შეინარჩუნა სტაბილური სიტუაცია", — განაცხადა კიმ ჩენ ინმა.

კიმ ჩენ ინის თქმით, ეპიდემიის საწინააღმდეგო ზომების ნაჩქარევად მოხსნა წარმოუდგენელ კრიზისს გამოიწვევს.

როგორც ცნობილია, ჩრდილო კორეის რეჟიმი ამტკიცებს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის არცერთი შემთხვევა არ აქვთ.