ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) ბაჩანა შენგელიას სახელით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია ავრცელებს.

საქმე ეხება დისციპლინურ წარმოებას, რომელიც იუსტიციის სამინისტრომ ნოტარიუს ბაჩანა შენგელიას მიმართ დაიწყო. უწყების შეფასებით, შენგელიას პირად Facebook-ზე გამოთქმული მოსაზრებები, იყო "მიკერძოებული პოლიტიკის საჯაროდ გამომჟღავნება" და "პოლიტიკური შეფასებები". ამ გადაწყვეტილებას სამინისტრო ნოტარიუსის მიერ პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დაცვის აუცილებლობით ამყარებდა და მინისტრის #69 ბრძანებას ეყრდნობოდა.

სწორედ ამ ბრძანებას ასაჩივრებს საკონსტიტუციო სასამართლოში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ის გამოხატვის თავისუფლების შინაარსობრივ რეგულირებას ახდენს.

"ბრძანების თანახმად, ნოტარიუსს ევალება პოლიტიკოსებთან და პოლიტიკურ საკითხებთან მიმართებაში მხოლოდ ნეიტრალური შინაარსის განცხადებების კეთება, ხოლო პოლიტიკური განცხადებების კეთება, მათ შორის პირად ფეისბუქ გვერდზე აკრძალულია. აღნიშნული ნოტარიუსის გამოხატვის თავისუფლებაზე შინაარსობრივი შეზღუდვის დაწესებას წარმოადგენს და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას", — აცხადებენ ორგანიზაციაში.

მათივე განცხადებით, საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა დასაშვებია "მხოლოდ კანონის შესაბამისად". როგორც საია აღნიშნავს, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით, მათ შორის, იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, გამოხატვის თავისუფლებაზე შინაარსობრივი შეზღუდვის დაწესება დაუშვებელია. მათი თქმით, მსგავსი შეზღუდვების დაწესების უფლებამოსილება მხოლოდ პარლამენტს გააჩნია.

"საქართველოს იუსტიციის მინისტრის #69-ე ბრძანება შინაარსობრივი შეზღუდვების დაწესებით არღვევს არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნებს, არამედ საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილებასაც. ამის გამო საია ითხოვს განმწესრიგებელ სხდომაზე არსებითი განხილვის გარეშე გასაჩივრებული ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას", — აცხადებენ ორგანიზაციაში.

გარდა ამისა, საიას სარჩელით წარდგენილი აქვს არგუმენტები, რომლითაც ამტკიცებს, რომ ნოტარიუსის ფეისბუქის პირად გვერდზე პოლიტიკური სიმპათიის ან ანტიპათიის გამოხატვის გამო ნოტარიუსის დასჯა არის არაპროპორციული ღონისძიება და ნოტარიუსის, როგორც საქართველოს მოქალაქის პოლიტიკური გამოხატვის თავისუფლებაში მძიმე ფორმით ჩარევას წარმოადგენს.

როგორც ორგანიზაციაში აღნიშნავენ, ასეთი ღონისძიება ვერცერთი ლეგიტიმური მიზნით ვერ იქნება გამართლებული. ამასთან, მათი განმარტებით, სანქცია, რაც პოლიტიკური განცხადების გაკეთების შემთხვევაში ნოტარიუსს ეკისრება, "არაადეკვატურად მკაცრია".

"პოლიტიკური განცხადების გაკეთება მიჩნეულია მძიმე ტიპის გადაცდომად და პირველივე შემთხვევაშიც კი ითვალისწინებს ნოტარიუსის უფლებამოსილების შეჩერებას. ამ მკაცრი ღონისძიების გამოყენებას წინ არ უძღვის გაფრთხილება ან საყვედური, რაც გათვალისწინებულია მსუბუქი და საშუალო დისციპლინური გადაცდომისათვის", — აცხადებენ ორგანიზაციაში.

ბაჩანა შენგელიამ 24 ივნისს გაავრცელა განცხადება, რომ მას იუსტიციის სამინისტრომ სანოტარო საქმიანობა კანონიერი საფუძვლის გარეშე, პოლიტიკური ნიშნით შეუზღუდა. On.ge-სთან საუბარში იგი ჰყვებოდა, რომ მას 18 ივნისს გაუთიშეს სერვერი. მისივე თქმით, მუშაობის შეზღუდვიდან ოთხი დღის შემდეგ, 22 ივნისს აღძრეს დისციპლინური საქმე მის წინააღმდეგ, "აბსურდული და გაურკვეველი მიზეზით".

29 ივნისს შენგელიამ გამოაქვეყნა იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის წერილი, სადაც წერია, რომ ნოტარიუსად მუშაობა პოლიტიკური შეფასებების გამო შეუზღუდეს. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ შენგელიას ფეისბუქს ერთი თვის განმავლობაში ამოწმებდნენ, რის შემდეგაც დაადგინეს, რომ ბაჩანა ის "ახორციელებდა მიკერძოებული პოლიტიკური შეხედულების საჯაროდ გამომჟღავნებას და აკეთებდა პოლიტიკურ შეფასებებს".

იუსტიციის მინისტრმა ბაჩანა შენგელიასთვის სანოტარო საქმიანობის შეჩერების შესახებ ოპოზიციის კითხვებს პარლამენტში უპასუხა. თეა წულუკიანის თქმით, ნოტარიატის შესახებ კანონით, პოლიტიკურ საქმიანობაში ნოტარიუსის ჩარევა აკრძალულია. მან ოპოზიციას მოუწოდა, ნუ "აპოლიტიზებს" თემას და ნუ აფიქრებინებენ, რომ "ეს ადამიანი მთლად პოლიტიკურად ნეიტრალური არ არის".

პირველ ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ბაჩანა შენგელიას განცხადება დააკმაყოფილა და იუსტიციის სამინისტროს სანოტარო საქმიანობის სისტემასთან წვდომის აღდგენა დაავალა.

თუმცა, სასამართლო განჩინების მიუხედავად, იუსტიციის სამინისტრომ მას სანოტარო საქმიანობის უფლება არ აღუდგინა. სასამართლოს გადაწყვეტილების სისრულეში მოსაყვანად, შენგელიამ აღსრულების ბიუროს მიმართა.