შუახმელეთის სამყაროს გმირებს რთული დაბრკოლებებით ვერ გააკვირვებ, თუმცა კორონავირუსის პანდემიამ მაინც შეძლო, რომ მათთვის ხელი შეეშალა.

ამის მიუხედავად, ჯადოსნურმა პერსონაჟებმა სირთულეები მაინც დაძლიეს და მალე ბეჭდების მბრძანებლის სერიალის გადაღებები ახალ ზელანდიაში განახლდება.

ფოტო: New Line Cinema

ვირუსის გავრცელების პრევენციისთვს ახალ ზელანდიაში რამდენიმე თვის განმავლობაში უსაფრთხოების მკაცრი ზომები იყო მიღებული, რის გამოც ქვეყანაში მთლიანად იყო შეზღუდული უცხო ქვეყნის მოქალაქეების შესვლა. ამის გამო მრავალ დაგეგმილ კინო თუ სატელევიზიო პროექტზე მუშაობა შეჩერდა და მათ შორის აღმოჩნდა მაღალი მოლოდინების მქონე სერიალი, რომელსაც ბრიტანელი მწერლის ჯ.რ.რ. ტოლკინის ფენტეზის ჟანრის საკულტო წიგნების მიხედვით იღებენ.

ბოლო კვირების განმავლობაში ახალ ზელანდიაში შეზღუდვები ეტაპობრივად შემსუბუქდა და ადგილობრივი მედიის ცნობით, ხელისუფლებამ შვიდი საერთაშორისო პროექტის შემოქმედებით გუნდს უფლება მისცა, რომ ქვეყანაში ჩავიდნენ და გადაღებები განაახლონ.

მათ შორისაა ბეჭდების მბრძანებლის სერიალიც, რომლის გადაღებაზეც კომპანია ამაზონი მუშაობს და როგორც წინასწარვე ვარაუდობენ, ის ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული სატელევიზიო პროექტი იქნება: მხოლოდ მისი ეკრანიზაციისთვის უფლებების შეძენა $250 მილიონი დაჯდა.

აღსანიშნავია, რომ ახალ ზელანდიაში უკვე ჩავიდა ჯეიმს კამერონი და თავისი გახმაურებული ბლოკბასტერის, ავატარის ახალ ნაწილზე მუშაობა განაახლა.

"COVID-19-თან ბრძოლის ჩვენმა წარმატებამ ახალ ზელანდიას შესაძლებლობა მისცა, რომ ერთ-ერთი პირველი ქვეყანა გახდეს, სადაც კინოპროდუქციაზე მუშაობა უსაფრთხოდ აღდგება", — განაცხადა ახალი ზელანდიის ეკონომიკის განვითარების მინისტრმა, ფილ ტვაიფორდმა.

წინასწარი გამოთვლებით, ეს საერთაშორისო შეთანხმება ახალ ზელანდიაში 3 000 ახალ სამუშაოს ადგილს შექმნის და ქვეყნის ეკონომიკას $400 მილიონზე მეტს მოუტანს.

ახალი ზელანდია ბეჭდების მბრძანებლის ტრილოგიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გადასაღები ადგილი იყო აქამდეც.

ფოტო: Sara Orme

ახალ ზელანდიაში ბეჭდების მბრძანებლის სერიალის გადასაღებად სულ გადამღები გუნდის 93 წევრი და მათი ოჯახების 20 წევრი ჩავა. მათ შორის სამსახიობო გუნდიდან ცნობილი ისეთი მსახიობები, როგორებიც არიან ჯოზეფ მოული, რობერტ არამაიო და მორფიდ კლარკი.

შეგახსენებთ, რომ ამ ეპიკური სერიალისთვის ასევე ეძებენ ახალ სახეებს, რომლებიც "უჩვეულო გარეგნობით" გამოირჩევიან.