შესაძლოა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 2021 წლისთვის საქართველოს გამოყოფილი ფინანსური დახმარების 15 პროცენტი "დააკავოს", მანამ, სანამ მთავრობა დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისთის ეფექტიან ნაბიჯებს არ გადადგამს. ამის შესახებ აშშ-ის კონგრესის საბიუჯეტო კომიტეტის მიერ დარეგისტრებულ კანონპროექტშია მითითებული.

დოკუმენტში საუბარია საქართველოსთვის $132 025 000-ის გამოყოფაზე, თუმცა მეორე პუნქტის თანახმად, განსაზღვრულია დაფინანსების შეჩერების პირობები:

"დაფინანსების შეჩერება — კანონით გათვალისწინებული სახსრების 15 პროცენტი არ გამოიყოს, სანამ სახელმწიფო მდივანი არ განსაზღვრავს და არ წარუდგენს ანგარიშს კომიტეტებს, რომ საქართველოს მთავრობა დგამს ეფექტურ ნაბიჯებს შემდეგი მიმართულებით:

  1. დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების თვალსაზრისით;
  2. მთავრობაში კორუფციასთან ბრძოლის კუთხით, მათ შორის, ანტიკორუფციული კანონებისა და რეგულაციების შემოღებით;
  3. უზრუნველყოს კანონის უზენაესობა კერძო სექტორში, რას შესაბამისობაში უნდა იყოს საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებთან, მათ შორის, უცხოური ბიზნესის უფლებების დაცვით, რათა შეეძლოთ შევიწროვების გარეშე ოპერირება და საქართველოში განხორციელებული ინვესტირების შედეგად ფინანსური სარგებლის მიღება".

კანონპროექტში წერია დახმარების არგამოყოფის გამონაკლის შემთხვევებზეც, რომლის მიხედვი, სახსრების შეჩერება არ უნდა შეეხოს იმ პროგრამებს, რაც დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის განვითარებას უწყობს ხელს. ასევე, იმ პროგრამებსაც, რომლებიც გენდერული ნიშნით ძალადობისა და მოწყვლადი ჯგუფების მიმართ ძალადობის შემცირებისთვისაა.