კანიე ვესტი MAGA ქუდს იხდის და იმედი აქვს, რომ აშშ-ს პრეზიდენტის მხარდამჭერების სიაში აღარ მოიაზრებენ. რეპერი, რომელიც თავადაც პრეზიდენტობას გეგმავს, Forbes-თან ინტერვიუში ამბობს, რომ დონალდ ტრამპს აღარ ენდობა.

"ეს ჩემთვის დიდი ქაოსია. არ მომეწონა, როცა გავიგე, რომ ბუნკერში იმალებოდა", — ამბობს ვესტი. ის გავრცელებულ ამბებს გულისხმობს, რომლის მიხედვითაც, Black Lives Matters-ის პროტესტის დროს ტრამპი ბუნკერში ჩაიყვანეს.

ფოტო: Evan Vucci / AP

კანიე ინტერვიუში ირწმუნება, რომ მისი ტვიტი, რომელსაც უკვე მილიონზე მეტი მოწონება აქვს, ყურადღების მისაპყრობად არ ყოფილა. მისი სიტყვებით, პრობლემას ვერ ხედავს, თუ დემოკრატ კანდიდატ ჯო ბაიდენს პოტენციურ ხმებს წაართმევს, ტრამპის სასარგებლოდ.

"არ უარვყოფ, რომ ეს შეიძლება მოხდეს. იმის თქმა, რომ შავკანიანების ხმა დემოკრატებს ეკუთვნით, რასიზმია. არ ვამბობ, რომ ტრამპს მოწინააღმდეგედ არ მივიჩნევ. ის კონკურენტად მიმაჩნია. და ჯო ბაიდენი? მეხუმრებით? ობამა განსაკუთრებულია, ტრამპი განსაკუთრებულია, ვიცით, რომ კანიე ვესტი განსაკუთრებულია. ამერიკას განსაკუთრებული ხალხი სჭირდება ლიდერებად. ბილ კლინტონიც განსაკუთრებულია. ჯო ბაიდენი კი ნამდვილად არაა განსაკუთრებული", — ციტირებს გამოცემა კანიეს სიტყვებს.

ფოტო: Getty Images

კანიემ 4 ივლისს, აშშ-ის დამოუკიდებლობის დღეს, 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა დააანონსა, თუმცა, მისი სიტყვები შეგიძლიათ სერიოზულად არ მიიღოთ, რადგან აშშ-ის რამდენიმე შტატში კენჭისყრაში მონაწილეობის დედლაინები უკვე ამოწურულია.

ჰიპ-ჰოპის ვარსკვლავი იმედოვნებს, რომ მისთვის გამონაკლისს დაუშვებენ და დედლაინების გამო არ წაართმევენ საარჩევნო კამპანიაში ჩართვის შანსს. საპატიო მიზეზად კი მას კორონავირუსის პანდემია მოჰყავს. კანიე ვესტის სიტყვებით, ის თებერვალში დაინფიცირდა.

"საწოლში ვკანკალებდი და ცხელ აბაზანებს ვიღებდი. ვიდეოებს ვუყურებდი რომ გამეგო, როგორ დამემარცხებინა კოვიდი".

კანიე ვაქცინების მოწინააღმდეგედ, იგივე "ანტივაქსერადაც" გვევლინება — რეპერი ამბობს, რომ ლოცულობს და ღმერთს ევედრება დაავადებულები განიკურნონ.

"ვლოცულობთ და ვითხოვთ თავისუფლებას, ეს ყველაფერი ღმერთის ხელშია. უნდა შევწყვიტოთ იმის კეთება, რაც ღმერთს აღიზიანებს".

ვაქცინის შესახებ კანიე ამბობს:

"უამრავი ბავშვი ვაქცინის შედეგად პარალიზდება. როცა ამბობენ, რომ კორონავირუსს ვაქცინა დაამარცხებს, უკიდურესად ფრთხილი ვხდები. ეს ხომ მხეცის ნიშანია. მათ სურთ, რომ ჩვენში ჩიპები მოათავსონ და ისეთი რამ გააკეთონ, რაც შემდეგ სამოთხის გალავანის გადაკვეთაში ხელს შეგვიშლის. ვწუხვარ, როცა ვამბობ, რომ ადამიანებში ეშმაკი ბუდობს და მართლა გული მწყდება, როცა ვაანალიზებ, რომ სამოთხეში ბევრი ადამიანისთვის არაა ადგილი".

კანიეს დეკადის ერთ-ერთ ყველაზე მოწინავე მეცნიერი, ილონ მასკი საპრეზიდენტო არჩევნებში მხარდაჭერას ჰპირდება. The Guardian-ის ცნობით, ის ვესტის საარჩევნო კამპანიის მრჩეველიცაა.

კანიე ღირებულებებზე საუბრისას ასევე ამბობს, რომ ე.წ. pro-life არის და აბორტს ეწინააღმდეგება, თავის შეხედულებებს კი რელიგიას უკავშირებს და ამბობს, რომ ბიბლიის დოგმებს მიჰყვება და მისი წესების მიხედვით ცხოვრობს.

კანიეს მეორე მრჩეველი მისი ცოლი, კიმ კარდაშიანია.

კანიე ვესტი და კიმ კარდაშიანი

ფოტო: Eduardo Muno / Reuters