საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივითა და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მსოფლიო ბაზარზე ტოპ აქსელერატორი 500 Startups საქართველოში შემოვიდა. სამმხრივი შეთანხმება 2020 წლის 20 თებერვალს გაფორმდა. ამერიკული აქსელერატორის, 500 Startups-ის აქსელერაციის პროგრამა უკვე დაიწყო. Next.On.ge პროგრამაში მონაწილე სტარტაპების უკან მდგომ ადამიანებს გაესაუბრა. ამ სტატიაში კი სტარტაპ Cargon-ს გაგაცნობთ.

Cargon ინტელექტუალურ ალგორითმებზე მომუშავე ციფრული ლოგისტიკური პლატფორმაა, რომელიც ტვირთმფლობელს რამდენიმე წამში აძლევს საშუალებას, დაადგინოს გადაზიდვის ფასი და დაუყოვნებლივ მოიძიოს მისთვის შესაფერისი გადამზიდი. ჩვეულებრივ, ეს პროცესი შეიძლება 3-4 დღე გაგრძელდეს, თუმცა კარგონის შემთხვევაში ის რამდენიმე წუთს და ღილაკზე თითის დაჭერას საჭიროებს.

იდეიდან წარმატებულ სტარტაპამდე

იდეა ვანო ჩალაძეს, ნიკო ტურაბელიძესა და შაკო ჯაბალაძეს მას შემდეგ გაუჩნდათ, რაც თავად გადააწყდნენ ლოგისტიკის დროში გაწელილ და ამავდროულად კომპლექსურ პროცედურებს. შედეგად კი მეგობრებმა დააფუძნეს ლოგისტიკური პლატფორმა, რომელიც მაქსიმალურად გამჭირვალე, მარტივი და სწრაფი იქნებოდა.

სტარტაპის ერთ-ერთი თანადამფუძნებლის თქმით, ლოგისტიკის ინდუსტრია საკმაოდ ტრადიციულია და მასში ინოვაციური გადაწყვეტები იშვიათობაა. მათ ამ მდგომარეობის გამოსწორება და სფეროში ისეთი ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვა დაისახეს მიზნად, რაც მრავალ პროცედურას შესამჩნევად გაამარტივებდა.

კარგონი უკვე ერთი წელია, რაც ქართულ ბაზარზე ოპერირებს და ამ დროის განმავლობაში პლატფორმაზე ასზე მეტი ტვირთმფლობელი კომპანია და ასობით ინდივიდუალური მძღოლი თუ ლოგისტიკური კომპანია დარეგისტრირდა.

"განვახორციელეთ ბევრი საინტერესო პროექტი, მათ შორის Covid-19-ის ეპიდემიის პირობებში პირბადეების შესაკერად 2 მილიონი მეტრის მარლის ტრანსპორტირება უზბეკეთიდან სწორედ კარგონმა უზრუნველყო", — იხსენებს სტარტაპის თანადამფუძნებელი, ვანო ჩალაძე.

500 Stratups პროგრამა — გზა ახალი გამოცდილებისკენ

ამჟამად სტარტაპი აქსელერაციას ამერიკულ 500 Startups აქსელერატორში გადის. ამ უნიკალური შესაძლებლობის მნიშვნელობაზე საუბრისას ვანო აღნიშნავს: "პროგრამაში მონაწილეობა ჩვენი გუნდისთვის და სტარტაპისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიღწევაა. გვჯერა, რომ პროგრამაში მონაწილეობა დაგვეხმარება, კიდევ უფრო განვავითაროთ ჩვენი სერვისი და ის გლობალურ ბაზარზე გავიტანოთ. ამის მოლოდინის საფუძველს ის გამოცდილება გვაძლევს, რომელსაც მსოფლიოს წამყვანი პროფესიონალები და მენტორები ამ პროგრამის ფარგლებში გვიზიარებენ".