ორშაბათს, 13 ივლისს, ნიუ-იორკის სასამართლომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ძმისშვილს, მერი ტრამპს, შემაკავებელი ორდერი მოუხსნა, რითაც მას თავისი ახალი წიგნის მედიაში პოპულარიზების შესაძლებლობა მიეცა. სასამართლო გადაწყვეტილება მოსამართლე ჰალ გრინვალდმა ნიუ-იორკის უზენაეს სასამართლოში წიგნის გამოცემის წინა დღეს მიიღო.

მერი ტრამპის ახალი სენსაციური წიგნი მეტისმეტი და არასდროს საკმარისი: როგორ შექმნა ჩემმა ოჯახმა მსოფლიოს ყველაზე სახიფათო კაცი (Too Much and Never Enough: How My Family Created the World’s Most Dangerous Man) ამაზონის ამ კვირის გაყიდვების სიაში უკვე იკავებს პირველ ადგილს, თუმცა წიგნის ავტორს, მერი ტრამპს, აქამდე ეკრძალებოდა წიგნის პოპულარიზება.

ფოტო: Simon & Schuster

"სასამართლო სწორად მოიქცა, როცა უარყო ტრამპის ოჯახის მცდელობა, ჩაეხშო მერი ტრამპის არსებითი პოლიტიკური სიტყვა იმ მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ, რომლებიც საზოგადოებას აინტერესებს", — თქვა მერი ტრამპის ცნობილმა ადვოკატმა ტედ ბუტრუსმა.

წიგნის აკრძალვის მცდელობას უძღვებოდა აშშ-ის პრეზიდენტის ძმა რობერტ ტრამპი, რომლის თქმითაც, წიგნი ფრედ ტრამპის ქონებასთან დაკავშირებით დადებულ კონფიდენციალურობის შეთანხმებას არღვევდა.

მერი ტრამპი თავის წიგნში დაწვრილებით მიმოიხილავს ოჯახურ დისფუნქციებს, რომლებმაც, მისი თქმით, დონალდ ტრამპის პიროვნება ჩამოაყალიბა. ამასთანავე ავტორი საუბრობს პრეზიდენტის აღმაშფოთებელი ქცევის რამდენიმე შემთხვევაზე მისი ახალგაზრდობიდან, მათ შორის პრესტიჟულ ბიზნეს-სკოლაში მოსახვედრად აკადემიურ თაღლითობაზე და ქალების მიმართ ცხოველურ მოპყრობაზე.

"ხვალ ამერიკას ექნება იმის შესაძლებლობა, თვითონ იხილოს მერის მნიშვნელოვანი სიტყვები", — დაამატა ბუტრუსმა.