თბილისის საქალაქო სასამართლოდან პატიმრის გაქცევის საქმეზე პროკურატურამ გამოძიება პოლიციელების მიმართ სამსახურეობრივი გულგრილობის ფაქტზე დაიწყო. პატიმრის გაქცევის შემთხვევაზე კი საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს.

გაქცეულ პატიმარზე ინფორმაცია ტელეკომპანია ფორმულამ გაავრცელა. მათივე ცნობით, შემთხვევა სასამართლოს ეზოში მოხდა, კერძოდ, პატიმარი მანქანიდან იმ დროს გაიქცა, როცა სამართალდამცავები სიგარეტის მოსაწევად გადავიდნენ. ბრალდებული ქურდობის მუხლით იყო დაკავებული.

ახლა საქმეზე გამოძიება ორი მუხლით: სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის და სისხლის სამართლის კოდექსის 379-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის მიმდინარეობს. ეს მუხლები სამსახურეობრივ გულგრილობასა და ბრალდებულის/მსჯავრდებულის გაქცევას გულისხმობს. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 3-დან 6 წლამდე.