ილონ მასკი ჯერ კიდევ მხარს უჭერს კანიე ვესტის პრეზიდენტობას, თუმცა, მისი აზრით, ვესტის კანდიდატურა 2024 წლის არჩევნებზე უკეთესი იქნება.

წინა კვირაში ვესტმა Forbes-ის კითხვა-პასუხში მიიღო მონაწილეობა, სადაც ვაქცინებს "მხეცის ნიშანი" უწოდა. სტატიის გამოქვეყნების შემდეგ მასკმა დატვიტა — შემდეგ კი წაშალა — რომ "შესაძლოა, მას და ვესტს მოსალოდნელზე მეტი განსხვავებული მოსაზრება ჰქონდათ".

მიუხედავად ამისა, ახლა მასკი აორმაგებს თავის მხარდაჭერას ვესტის მიმართ.

"[ინტერვიუს] შემდეგ კანიემ ახსნა, რატომ თქვა ის, რაც თქვა და [ეს ყველაფერი] უფრო გასაგებია, ვიდრე მე და ბევრ ადამიანს წარმოგვედგინა", — თქვა მასკმა Page Six-თან ინტერვიუში.

ინტერვიუში მასკმა ისიც თქვა, რომ კანიეს მხარდაჭერა არ შეუწყვეტია. "თუმცა, ჩემი აზრით, [კანიეს კანდიდატობისთვის] 2024 წელი სჯობს 2020-ს", — დაამატა ილონმა.

4 ივლისს ვესტმა განაცხადა, რომ პრეზიდენტობაზე კენჭისყრას აპირებდა, მასკმა კი მალევე დატვიტა, რომ ვესტს მისი "სრული მხარდაჭერა" ჰქონდა. ჯერჯერობით უცნობია, რამდენად სერიოზულია ვესტის გეგმა, რადგან მან უკვე დააგვიანა ოთხ შტატში დამოუკიდებელ კანდიდატად დარეგისტრირება, ცხრა სხვა შტატში კი რეგისტრაციის ვადა ივლისში იწურება.

მასკი და ვესტი, როგორც მინიმუმ, 2011 წლიდან, SpaceX-ის საერთო ტურის შემდეგ მეგობრობენ. მას მერე ისინი საჯაროდ აქებენ ერთმანეთის ნამუშევრებს, ყიდულობენ ერთმანეთის პროდუქტებს და ერთად ესწრებიან წვეულებებსა და ღონისძიებებს. პრეზიდენტად კენჭისყრის გამოცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე ვესტმა მისი და მასკის ფოტო დატვიტა მასკის სახლიდან.

ვესტმა Forbes-ს განუცხადა, რომ მასკთან მის პრეზიდენტად კენჭისყრაზე "წლების განმავლობაში" საუბრობდა.

ამავე თემაზე: