პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გიორგი შაქარაშვილის დაღუპვის საქმეზე ამბობს, რომ მან "ვაჟკაცობა ერთი ერთზე იცის", ხოლო, ჯგუფური აგრესია "ძალიან არაქართულია". ამის შესახებ მან დღეს, 15 ივლისს ჟურნალისტებთან ისაუბრა:

"ვაჟკაცობა ვიცი ერთი ერთზე. არ ვიცი, მე ეს ჯგუფური, აგრესიული, ძალადობა ადამიანებზე ძალიან მიუღებელია, ძალიან არაქართული. ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ ჩვენს ღირებულებებს. კიდევ უფრო ვაჟკაცობა ვიცი მე, ესაა აღიარება. კიდევ უფრო მაღალი დონის ვაჟკაცობაა მონანიება. ჩვენ ასე უნდა გავზარდოთ ახალგაზრდები, არა ტყუილით, არა დამალვით და არა ჯგუფური ძალადობით".

პრეზიდენტმა თქვა ისიც, რომ თუკი გამოძიებაში ყველა არ ჩაერევა, საქმე მალე გაიხსნება:

"არ ვიცოდი რომ გამომძიებელი იყო საქართველოში. მე არ გახლავართ გამომძიებელი და არც ვაპირებ რომ გადავიქცე. სხვათა შორის პროკურატურას რომ მივანდოთ ეს საქმე და ყველა არ ერეოდეს ბევრად უფრო კარგი იქნებოდა".

გიორგი შაქარაშვილის საქმე

19 წლის ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილი 19 ივნისს დაიკარგა. დადგინდა, რომ ის მცხეთაში, დაბადების დღეზე იმყოფებოდა, სადაც ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება მოხდა. ამის შემდეგ ერთმა ჯგუფმა თბილისიდან "დახმარება გამოიძახა". შაქარაშვილი და კიდევ 5 ადამიანი აგარაკიდან მათ მოსვლამდე წამოვიდა. პროკურატურის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ უკვე არაგვის ხიდთან მყოფ ახალგაზრდებს მანქანიდან გადმოსული ადამიანები თავს დაესხნენ, რის შემდეგაც შაქარაშვილი და მასთან ერთად მყოფი პირები გაიქცნენ. ფეხბურთელის კვალი აქედან იკარგება, მასთან ერთად მყოფი 5 ადამიანი კი თბილისში ცალ-ცალკე, სხვადასხვა დროს დაბრუნდა.

4-დღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივნისს, გიორგი შაქარაშვილი ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს. რამდენიმე დღეში საქმეზე 17 ადამიანი დააკავეს, ყველა მათგან წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. თავდაპირველად, მათ ბრალი ორი ან მეტი პირის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ამავე ძალადობაში მონაწილეობის და ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე აქვთ წარდგენილი. როგორც ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ უწყებაში განაცხადეს, საქმეზე კვალიფიკაცია დაზუსტდა და ამ საქმეზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლით გაგრძელდება.

სწორედ ექსპერტიზის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზი, გახდა ასფიქსია წყალში დახრჩობით. ამავე დასკვნის მიხედვით, გარდაცვალებამდე მას მკვრივი-ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებები აქვს.