კორონავირუსის პანდემიის გამო მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანმა სამსახური დაკარგა. თუმცა, თანდათანობით, შეზღუდვების მოხსნასთან ერთად, ეკონომიკა აღდგენას იწყებს და ვაკანსიების ვებგვერდებიც ახალი თანამშრომლის მაძიებელი კომპანიების განცხადებებით ივსება.

თუკი კარანტინის პერიოდში ახალი გამოცდილების მიღებაზე ფიქრობდით, ქართულ აგრომრეწველობის კომპანიას თქვენთვის საინტერესო შემოთავაზება აქვს.

არა, ამჯერად გოჭების ჩამხუტებელი არაა საჭირო.

აშენდი აგრო საქართველო მშობიარობის ოპერატორ-მომვლელს ეძებს. სამუშაოს მისაღებად, რომელიც თეთრიწყაროს რაიონში მდებარეობს, თქვენი რეზიუმეს გაგზავნაა საჭირო. თუ გაგიმართლებთ, ფერმის მახარობლად და ახალშობილი გოჭების ძიძად იქცევით, რაც, სიმართლე ითქვას, ძალიან საპასუხისმგებლო მისიაა.

თუმცა, სანამ მიზანდასახულად დაიწყებდეთ სამოტივაციო წერილის წერას, თუ როგორ აპირებთ გოჭების აღზრდას, უნდა გაითვალისწინოთ, რომ თავად ღორი არ უნდა გყავდეთ. ცხადია — პატარებს რამე დაავადება არ უნდა გადასდოთ და არც აეჭვიანოთ.

"არსებობს დაავადებები, რომლებიც აქვს როგორც ადამიანს, ასევე ღორს და გადადის როგორც ღორიდან ადამიანზე, ასევე ადამიანიდან ღორზე. შესაბამისად, ბიოუსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, პირთან, რომელსაც ჰყავს კუთვნილებაში ღორი, არ გვაქვს უფლება შრომითი ხელშეკრულების გაფორმების", — აცხადებს კომპანია.

ბოლოს კი, თუ ყველა ეტაპი წარმატებით გადალახეთ და გოჭების გუვერნანტი გახდით, არ დაგავიწყდეთ, ინსტაგრამზე გააზიაროთ პატარების ფოტოები.