დამოუკიდებელი ექსპერტების განცხადებით, გიორგი შაქარაშვილის სხეული წყალში 4 დღე არ იყო, რაც სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნითაც დგინდება. ამის შესახებ მთავარი არხისა და ფორმულას მიერ მომზადებულ სიუჟეტებში უკრაინელი კრიმინალისტი გალინა კარმოშინა და ცენტრ ემპათიას ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი საუბრობენ.

ექსპერტებისთვის ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი გვამური გაშეშებაა. შაქარაშვილის დაკარგვიდან მის პოვნამდე 84 საათია გასული, ექსპერტები განმარტავენ, რომ ამდენი ხნის განმავლობაში გაშეშება ვერ გაგრძელდება, სამხარაულის დაკსვნაში კი წერია, რომ შაქარაშვილის ცხედარზე "გვამური გაშეშება გამოხატულია ყველა ჯგუფის კუნთებში".

სამხარაულის ექსპერტიზის დასვკნაში წერია ისიც, რომ სიკვდილის დადგომიდან ცხედრის შემოწმებამდე გასულია 48 საათზე მეტი დრო, თუმცა უკრაინელი ექსპერტი ამ მოსაზრებას არ იზიარებს.

"მე ექსპერტიზის პასუხების და ფოტოების საფუძველზე გადაჭრით შემიძლია ვთქვა რომ ის 48 საათზე ნაკლები დროის გარდაცვლილია, რადგან წარმოუდგენელია გვამური გაშეშებები ცხედარს ჰქონდეს 84 საათის მანძილზე", — განუცხადა კარმოშინამ მთავარ არხს. (ტელეკომპანიის თარგმანი)

ჯიშკარიანის აზრით, კი, შესაძლოა, ცხედარი წყალში რამდენიმე საათი იყო და არა რამდენიმე დღე.

"ხელების მდებარეობა მიუთითებს, რომ გაშეშება არ არის გავლილი. თუ გაშეშება არ არის გავლილი, შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ გარდაცვლილი დიდი ხნის მკვდარი არ არის. შემიძლია ზუსტად გითხრათ, რომ 19 ივნისს არ არის გარდაცვლილი. ყველანაირი სიმპტომია, რომ ცხედარი 4 დღე არ იყო წყალში. შესაძლოა, იყო რამდენიმე საათი და შემდეგ იპოვეს", — ამბობს ჯიშკარიანი ფორმულასთან.

გიორგი შაქარაშვილის საქმე

19 წლის ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილი 19 ივნისს დაიკარგა. დადგინდა, რომ ის მცხეთაში, დაბადების დღეზე იმყოფებოდა, სადაც ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება მოხდა. ამის შემდეგ ერთმა ჯგუფმა თბილისიდან "დახმარება გამოიძახა". შაქარაშვილი და კიდევ 5 ადამიანი აგარაკიდან მათ მოსვლამდე წამოვიდა. პროკურატურის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ უკვე არაგვის ხიდთან მყოფ ახალგაზრდებს მანქანიდან გადმოსული ადამიანები თავს დაესხნენ, რის შემდეგაც შაქარაშვილი და მასთან ერთად მყოფი პირები გაიქცნენ. ფეხბურთელის კვალი აქედან იკარგება, მასთან ერთად მყოფი 5 ადამიანი კი თბილისში ცალ-ცალკე, სხვადასხვა დროს დაბრუნდა.

4-დღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივნისს, გიორგი შაქარაშვილი ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს. რამდენიმე დღეში საქმეზე 17 ადამიანი დააკავეს, ყველა მათგან წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. თავდაპირველად, მათ ბრალი ორი ან მეტი პირის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ამავე ძალადობაში მონაწილეობის და ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე აქვთ წარდგენილი. როგორც ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ უწყებაში განაცხადეს, საქმეზე კვალიფიკაცია დაზუსტდა და ამ საქმეზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლით გაგრძელდება.

სწორედ ექსპერტიზის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზი, გახდა ასფიქსია წყალში დახრჩობით. ამავე დასკვნის მიხედვით, გარდაცვალებამდე მას მკვრივი-ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებები აქვს.