ახალციხე ნიუსმა გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ მისდევს გადატენილი იარაღით ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატი ენზელ მკოიანი მოქალაქეს. მასთან ერთად არიან სხვა შეიარაღებული პირებიც.

ვიდეოს დასაწყისში ჩანს, რომ მკოიანი იარაღს ტენის და ვიღაცას უმიზნებს, თუმცა კადრში არ არის აღქმადი ვის. პოლიცია ცდილობს, შეიარაღებული დეპუტატი და მისი თანხმლები პირები მიწოლით შეაჩეროს, თუმცა მკოიანს ვერ იმორჩილებს. დეპუტატი პოლიციას ყელში წვდება და ასე იშორებს, სამართალდამცავი მას იარაღს არ ართმევს და გვერდით იწევა.

ჩანაწერის წარწერის მიხედვით, ეს კადრები 2020 წლის 26 მარტს არის გადაღებული, სწორედ ამ დროს გავრცელდა ინფორმაცია იმაზე, რომ მკოიანის სახლთან სროლა იყო. ადგილობრივი გამოცემები წერდნენ, რომ იარაღიდან 4-5-ჯერ გაისროლეს და ამას მკოიანსა და ნაციონალური მოძრაობის დეპუტატ სამველ პეტროსიანს შორის დაპირისპირებას უკავშირებდნენ. დაზუსტებით უცნობი იყო რა გახდა სროლის მიზეზი.

მაშინ მომხდარზე გამოძიება დაიწყო ჯგუფურად განხორციელებული ძალადობისა და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით. On.ge ცდილობს გაარკვიოს, რა ეტაპზეა გამოძიება და უწყების პასუხს ელოდება.