მიშელ ობამამ ის სიახლე დააანონსა, რომელსაც მისი ფანები დიდი ხნის განმავლობაში მოუთმენლად ელოდებოდნენ. პირველი ლედი პოდკასტების სერიებს გამოუშვებს.

ობამას პოდკასტების თემა ურთიერთობებსა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებს შეეხება, გულახდილი საუბრები კი წამყვანსა და რამდენიმე სტუმარს შორის წარიმართება, რომელთაგან აღსანიშნავია წამყვანი კონან ო'ბრაიენი და ბარაკ ობამას ყოფილი უფროსი მრჩეველი, ბიზნესმენი ვალერი ჯერეტი.

"ვიმედოვნებ, რომ ეს პოდკასტების სერია ის ადგილი იქნება, სადაც მნიშვნელოვან თემებს ერთად აღმოვაჩენთ და იმ კითხვებში გარკვევას შევეცდებით, რომლებზეც პასუხებს ყველა ჩვენგანი ეძებს ცხოვრებაში", — განაცხადა მიშელ ობამამ.

პირველი პოდკასტი 29 ივლისიდან იქნება ხელმისაწვდომი ექსკლუზიურად Spotify-ზე.

"ალბათ ყველაზე მეტად, იმის იმედი მაქვს, რომ პოდკასტები მსმენელებს უბიძგებს, გულახდილი — თუნდაც უსიამოვნო — საუბრები ჰქონდეთ იმ ადამიანებთან, რომლებიც მათთვის ბევრს ნიშნავს. ამგვარად ჩვენ შევძლებთ ერთმანეთის გაგებისა და ემპათიის უნარის გაღვივებას", — დასძენს იგი.

პოდკასტების სერია იმ თანამშრომლობის ნაწილია, რომელიც Spotify-სა და ობამების დაფუძნებულ კომპანიას, Higher Ground-ს, შორისაა გაფორმებული. კომპანიის წყალობით მიშელ ობამამ წლის დასაწყისში დოკუმენტური ფილმი, Becoming, გამოუშვა ნეტფლიქსზე.

2018 წელს მიშელ ობამამ ავტობიოგრაფიული წიგნი, Becoming, გამოსცა.

ფოტო: Scott Olson / Getty Images

ობამა პირველი ყოფილი პირველი ლედია არაა, რომელიც პოდკასტების ჩაწერას იწყებს. თებერვალში ჰილარი კლინტონმა პოდკასტების შექმნა დააანონსა გაზაფხულის მიწურულისთვის, თუმცა საკუთარი იდეა ჯერ არ განუხორციელებია.